მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვები პირბადეებში - უქმნის თუ არა კოვიდშეზღუდვები საფრთხეს ბავშვთა ფსიქიკას?

პირბადეები და ბავშვები
1636293890
COVID-19

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში პირბადის ტარება უფროსების გარდა, ბავშვებისთვისაც სავალდებულო გახდა. უქმნის თუ არა ეს პრობლემებს ბავშვთა ფსიქიკას, რომელიც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის? BBC არსებულ მდგომარეობაში გარკვევას ცდილობს.

სამი წლის სინგაპურელი იშენ ივენსი ყოველთვის აქტიური და ხმაურიანი ბიჭი იყო, ისევე როგორც ბავშვთა უმეტესობა მის ასაკში. მაგრამ მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღში მას პირბადის გაკეთება აიძულეს, რაღაცა შეიცვალა.

„ის შეიცვალა, უფრო მშვიდი და დამჯერი გახდა“ - ამბობს დედამისი ერნა ივენსი.

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც გარშემო მყოფთა მიმართ პატივისცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, პირბადეები შედარებით უფრო მარტივად გახდა ყოველდღიური ცხოვრების წესი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც ბევრმა ადამიანმა ეს თავისუფლების და ინდივიდუალიზმის შეზღუდვად აღიქვა. იაპონიაში, მაგალითად, პირბადის ტარება ხველის და სურდოს დროს ადრეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

სინგაპურში, სადაც იშენი და მისი მშობლები ცხოვრობენ, პირბადის ტარება სავალდებულოა სკოლებში, მაგრამ ზოგიერთმა საბავშვო ბაღმა, ასევე, პირბადეების ტარების წესი შემოიღო.

შესაბამისად იშენის სახე პირბადით არის დაფარული დღეში 8 საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე. მას, როგორც წესი, სამშრიანი ერთჯერადი პირბადე უკეთია.

როგორც კი საბავშვო ბაღიდან მიჰყავთ, ბიჭუნა პირბადეს მაშინვე იხსნის და ჯიბეში იდებს. ერთხელ კი ცუდ ხასიათზე იყო, პირბადე ძირს დააგდო და გაიქცა. მშობლები ამბობენ, რომ ისინი ბავშვს პირბადის ტარებას არ ავალდებულებენ.

„მას პირბადე ეზიზღება. მე, პირადად, ნიღბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ბავშვი ასე დისკომფორტს განიცდის და მისთვის დაძალება არ მინდა“, - ამბობს ერნა ივენსი.

პანდემიის ახალი ტალღების პარალელურად, მშობლებისა და მარეგულირებელი ორგანოების წინაშე დადგა შეკითხვა: როგორ დაიცვან ბავშვთა უსაფრთხოება და ამასთანავე მათი სოციალური და ემოციოური განვითარება არ დაზიანდეს?

ერთიანი პოზიცია არ არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს 6 წელზე უფროს ბავშვებს, რომ ატარონ პირბადეები თუ კონკრეტულ ადგილას ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.

ოქტომბერში სახელმწიფოები ამ მხრივ სამ კატეგორიად დაიყო:

1️⃣. საფრანგეთში, იტალიასა და სინგაპურში პირბადის ტარება სავალდებულოა საკლასო ოთახებში და დახურულ სივრცეში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იმყოფებიან.

2️⃣. აშშ-ის დაავადების კონტროლის ცენტრი ურჩევს მშობლებს, რომ ბავშვებმა პირბადეები უკვე 2 წლიდან ატარონ.

3️⃣. დიდ ბრიტანეთში და რუსეთში არც მოსწავლეები, არც მასწავლებლები პირბადეს არ ატარებენ.

ერთადერთი წესი, რომელსაც ყველა ეთანხმება - 2 წლადმე ბავშვებს პირბადე არ უნდა ეკეთოს, რადგანაც ის შეიძლება გაიგუდოს.

„პირბადის ტარების ასაკობრივი ზღვარი დადგენილი არ არის“, - ამბობს ევროპის პედიატრიის აკადემიის პრეზიდენტი ადამოს ხაჯიპანაისი.

ერთადერთი პრობლემა, რასაც პირბადე ქმნის, არის ის, რომ ის ნაკლებ ჰაერს ატარებს, შესაბამისად ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს სათანადო რაოდენობის ჰაერს არ იღებს. სხვა საფრთხეს პირბადე არ ქმნის. ამასთანავე ბევრს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა უფრო ფართოდ უნდა იყოს განხილული.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

პირბადეების ტარების მომხრეები აცხადებენ, რომ მისი ტარების დროს ვირუსით ინფიცირების ალბათობა მცირდება. ყველა დანარჩენი მოსაზრება კი, მათი აზრით, მეორეხარისხოვანია, ან სულაც თითიდან გამოწოვილი.

პირბადე იცავს კორონავირუსისგან, ნამდვილად. საქმე არის წვეთებში, რომლითაც ვირუსი გადაეცემა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია არ ხდება. შესაბამისად მათი ინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ხოლო დელტა შტამი, რომელიც ორჯერ უფრო გადამდებია წინ ვარიანტებთან შედარებით, ინფიცირების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

„დელტა შტამმა სიტუაცია გაართულა. მას მერე, რაც ამ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო, ჩვენ სხვადასხვა სკოლაში არაერთი ეპიდემიოლოგიური აფეთქება ვნახეთ“, - ამბობს ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის მთავარი მასწავლებელი დიპტი გურდასანი.

მეორეს მხრივ, ბავშვებს Covid 19 უფრო მარტივად გადააქვთ. დიდ ბრიტანეთში 50 000 ინფიცირებულიდან რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ბავშვი ხვდება, ხოლო მილიონიდან ორი იღუპება.

რა თქმა უნდა, უმჯობესია ბავშვი საერთოდ არ დაინფიცირდეს, ხოლო პირბადის ტარება და სკოლებში ინფიცირების რაოდენობა, ერთმანეთთან უდავოდ კავშირშია. აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, სადაც პირბადის ტარება სკოლებში სავალდებულოა, 7 ათასამდე ინფიცირებული ბავშვი დაფიქსირდა, რომლებიც სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ მათგან ვირუსი მხოლოდ 363 კლასელს გადაედო.

ჯორჯიის შტატში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ სკოლებში, სადაც პირბადეების რეჟიმი არსებობდა, ინფიცირების მაჩვენებელი სხვა სკოლებზე 37%-ით დაბალი იყო.

პირბადე დაავადების პრევენციის ერთადერთი ფორმა არ არის.

„ძალზე მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, სოციალური დისტანცია და შიდა სივრცის ხშირი განიავება“, - ამბობს სინგაპურის პოლიკლინიკის ეპიდემიოლოგი მარკ ჰერი.

მიმდინარე წლის მარტში სინგაპურის ხელისუფლებამ სახლის გარეთ 2 წელზე უფროსი ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა. სექტემბერში ასაკობრივი ზღვარი 6 წლამდე დასწიეს, მაგრამ ზოგიერთი მშობელი უფრო პატარა ბავშვებსაც უკეთებს პირბადეს.

„მირჩევნია, რომ ბავშვები პირბადეებში იყვნენ. მე ასე თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“, - ამბობს მიმი ზეინალი, რომელთა შვილები 3 და 5 წლის არიან.

თავდაპირველად ბავშვები წინააღმდეგობას გამოხატავდნენ, მაგრამ როდესაც მშობლებმა უყიდეს პირბადეები, რომლებსაც კოსმონავტები, ცხოველები და სხვა საინტერესო სურათები ჰქონდათ, ნიღბების გაკეთება სახალისო რიტუალი გახდა. მიმის თქმით, რამდენიმე კვირაში, ყველაფერი დალაგდა.

რა ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეიძლება იწვევდეს პირბადე?

პირბადეების კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბავშვების დარწმუნება და ამ საკითხით გართობა შეიძლება, მაგრამ ეს მთავარ პრობლემას არ აგვარებს - პირბადე სახეს მალავს და ის ბავშვებს ურთიერთობების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის.

ბავშვები გარშემო მყოფთა ემოციებს 10 თვიდან იცნობენ - სიხარული, სინანული, შიში, სიბრაზე. ამ პროცესის პიკი 5-6 წლის ასაკში ხდება.

„ჩვენ გარშემო მყოფთა ემოციებს ძირითადად მათი სახის გამომეტყველებით ვადგენთ“, - ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტი კან ლი.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ვისკონსინის შტატის უნივერსიტეტის საბავშვო ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ექსპერტი ეშლი რუბა ამბობს, რომ პირბადის ტარება ასეთი კრიტიკული არ არის.

„პირბადე ადამიანის მხოლოდ პირს და ცხვირს მალავს, ხოლო სულის სარკე, როგორც ცნობილია, თვალებია. გარდა ამისა, ადამიანი გრძნობებს არა მარტო სახით, არამედ მთელი სხეულით გამოხატავს“, - ამბობს ექსპერტი.

ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, 9 წლამდე ასაკის ბავშვებს სხვა ადამიანის სახის გამომეტყველებას პირის გარეშეც არკვევს. ეშლი რუბის მიაჩნია, რომ პირბადის ეფექტი ამ შემთხვევაში ძალზე ჰგავს შავი სათვალის ეფექტს.

„პირბადე ბავშვის ემოციური განვითარებისთვის არც ისე საზიანოა. თუ ბავშვს შავ სათვალეს უკეთებენ, ეს ხომ არავის დისკომფორტს არ უქმნის“, - ამბობს ექსპერტი.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების და ტექნოლოგიის სპეციალისტი ევა შენი ამბობს, რომ ბავშვები პირბადეს დღე-ღამეში 24 საათს არ ატარებენ, შესაბამისად ისინი საჭირო ინფორმაციას 100 პროცენტით არ კარგავენ. ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, სადაც პირბადეების ტარება კორონავირუსის პანდემიამდეც იყო გავრცელებული, ბავშვები ნორმალურად ვითარდებოდნენ.

სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბავშვების მიერ საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე პირბადის გავლენა. აქაც სპეციალისტების აზრი გაყოფილია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ბევრი რამე დამოკიდებულია მშობლებზე, რომლებმაც პრობლემები დროზე უნდა გამოავლინონ.

„ბავშვები საუბარს იწყებენ უფროსების მიმიკაზე დაკვირვების გზით, მათი პირის და ენის მოძრაობაზე დაკვირვებით“, - ამბობს სინგაპურის პოლიტექნიკური სკოლის ბავშვთა საუბრის და კითხვის სწავლების მეთოდიკის პედაგოგი ლინეტ ტეო.

ამასთანავე ის ამბობს, რომ ბავშვების ადაპტაცია ძალზე სწრაფად ხდება და ინფორმაციის ერთი წყაროს ჩაკეტვის დროს ისინი სხვა, ალტერნატიულ წყაროზე გადაერთვებიან.

ლინეტ ტეო ურჩევს მშობლებს, რომ თუ ისინი ბავშვებს პირბადით ესაუბრებიან, უფრო ხშირად გამოიყენონ ჟესტიკულაცია.

ტენესის შტატის უნივერსიტეტის აკუსტიკის პროფესორი სტივენ კამარატა ამბობს, რომ არსებობენ კიდევ ბავშვები, რომლებსაც სმენის პრობლემა აქვთ.

„მათთვის აუცილებელია მიმიკის ხედვა, რომ მიხვდნენ, თუ რაზეა საუბარი“, - ამბობს პროფესორი. მისი თქმით, პირბადეები ბავშვებს ახალი სიტყვების სწავლაში და სწორი გამოითქმის ფორმირებაში ხელს უშლის.

თავის მხრივ, სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების კლინიკის სპეციალისტს ტამი ლიმს მიაჩნია, რომ 2 წლის ბავშვს სიტყვების მოსმენა და მათი დამახსოვრება მაშინაც კი შეუძლია, როდესაც პირბადიანი ადამიანი საუბრობს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ პირბადე სულაც არ არის ყველაზე უარესი, რაც ჩვენს ცხოვრებაში Covid 19-ის პანდემიამ შემოიტანა. ბევრად უარესია ფიზიკური აქტივობის, თანატოლებთან ურთიერთობების ჩანაცვლება კომპიუტერის ეკრანთან დიდი ხნის მანძილზე ყოფნით. სწორედ ამით ხსნის სპეციალისტი იმ ბავშვთა რაოდენობის ზრდას, ვისაც განვითარება შეფერხებული აქვს და ურთიერთობაში პრობლემები აღენიშნებათ.

„ამასთან შედარებით პირბადეების გავლენა ბავშვთა ფსიქიკაზე უმნიშვნელოა. გრძელვადიან პერსპექტივაში მე ბავშვთა ფსიქიკისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ“, - ამბობს ტამი ლიმი.

ექსპერტ ევა ჩენს მიაჩნია, რომ პანდემიით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან გამკლავების ყველაზე კარგი საშუალებაა ბავშვებთან რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა.

„ყოველთვის შეიძლება აივანზე პიკნიკის მოწყობა. აქტიური თამაშებით დაკავება, ან სხვადასხვა ნაკეთობაზე მუშაობა. როდესაც გარეთ გასვლა გვიწევს, ჩვენ ვიცით, რომ პირბადე ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობისა და სწავლისას დამატებით იცავს“, - ამბობს მიმი ზეინალი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და კორონავირუსს ერთად? - ივანე ჩხაიძის განმარტება