COVID-19

ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

გაციება, მაღალი ტემპერატურა
1641813143
დაკოპირებულია

ყელის ტკივილი და გაციება ომიკრონის პირველი სიმპტომებია. ამის შესახებ მეცნიერებისა და ექიმების დაკვირვების შედეგად გახდა ცნობილი. ინფორმაციას goodhousekeeping.com ავრცელებს. 

ბოლო დროს ჩატარებული დაკვირვებების მიხედვით, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტებს დაავადება წინა შტამებზე უფრო მარტივად გადააქვთ. განსაკუთრებით მარტივია სიმპტომები იმ პირთა შორის, ვინც სრულად არის ვაქცინირებული.

საუბარია ყელის და ზედა სასუნთქი გზების ტკივილზე, ხველაზე და ციებ-ცხელებაზე. ეს სიმპტომები ომიკრონზე მიუთითებს. იმის გამო, რომ ეს ვირუსი ზედა სასუნთქი გზებიდან ფილტვებში ვერ აღწევს, ის ფილტვებს ბევრად ნაკლებად აზიანებს, ვიდრე წინა შტამები.

კიდევ ერთ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ომიკრონის სიმპტომები გაციების და ზედა სასუნთქი გზების სხვა დაავადებების სიმპტომებს ჰგავს. შესაბამისად, სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ შეიძლება მათი გარჩევა.

„ომიკრონის შტამის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ასევე ციებ-ცხელება და ხველა“ - განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა სკოტ რობერტსმა.

მისივე თქმით, ომიკრონი გემოს და ყნოსვის დაკარგვას ნაკლებად იწვევს. გარდა ამისა,  ომიკრონის დროს ღამის დროს ოფლიანობაც პაციენტებს ნაკლებად აღენიშნებათ. 

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს?

დოქტორი რობერტსი, ასევე, ამბობს, რომ ომიკრონის სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. მათი დიდი ნაწილი კორონავირუსის სხვა შტამებს ჰგავს. ლეტალური შედეგები ამ შტამის შემთხვევაში საკმაოდ იშვიათია.

ომიკრონის სიმპტომები:

🔴 ციებ-ცხელება

🔴 გართულებული სუნთქვა

🔴 თავის ტკივილი

🔴 გაჭედილი ცხვირი ან სურდო

🔴 ყელის ტკივილი

🔴 ხველა

🔴 დაღლილობა და კუნთების ტკივილი

🔴 გულის რევის შეგრძნება

🔴 დიარეა

ჯანდაცვის ექპსერტები სწორედ დაღლილობაზე და სისუსტეზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ომიკრონით ინფიცირებაზე მიუთითებს. ამ შტამით ინფიცირების შემთხვევავაში ის ბევრად უფრო ხშირად უფიქსირდება პაციენტებს, ვიდრე სუნთქვის უკმარისობა ან გემოს და ყნოსვის დაკარგვა.

„გასულ წელს სოციალური დისტანცირება უფრო მკაცრად კონტროლდებოდა. საზგადოებრივი თავშეყრის ადგილები უფრო ჩაკეტილი იყო. წელს კი უფრო მეტი ობიექტი მუშაობს, პირბადეების ტარებაც შემცირდა, შესაბამისად, კორონავირუსის გარდა სეზონურმა დაავადებებმაც დაიწყო გავრცელება, პირველ რიგში ეს არის გრიპი“, - ამბობს დოქტორი რობერტსი.

არის თუ არა ყელის ტკივილი ომიკრონით ინფიცირების სიმპტომი?

საკმაოდ რთულია იმის გარჩევა, არის თუ არა ყელის ტკივილი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებული, თუ ეს სხვა ინფექციის ბრალია.

„ყელის ტკივილს ყველაზე ხშირად ზამთარში სიცივე ან მშრალი ჰაერით ყელის გაღიზიანება იწვევს. ასევე, ეს შეიძლება იყოს რესპირატორული ინეფექციები, რაც ზამთრის თვეებში საკმაოდ გავრცელებულია“, - ამბობს დოქტორი სკოტ რობერტსი. 

„ზოგჯერ ყელის ტკივილი უბრალოდ მისი გაღიზიანებით არის გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში ეს რესპირატორული ინფექციაა. რომ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე, აუცილებელია სხვა სიმპტომებზე დაკვირვება“, - აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მისივე თქმით, თუ ყელის ტკივილის გარდა, თქვენ ციებ-ცხელებაც გაქვთ და ცხვირი გაქვთ გაჭედილი, მაშინ ეს შეიძლება ომიკრონი ან კორონავირუსის სხვა შტამი იყოს.

სპეციალისტის თქმით, ომიკრონის დადგენა საკმაოდ პრობლემურია, რადგანაც ბევრ ადამიანს ის ძალზე მარტივი ფორმით გადააქვს. დოქტორი ურჩევს ასეთ ადამიანებს თავი დაიზღვიონ და ტესტი მაინც გაიკეთონ.

ძირითადი შტამი

ბოლო კვირებში ომიკრონი აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დომინანტი შტამი ხდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% სწორედ ომიკრონზე მოდის. ის დელტაზე უფრო გადამდებია, თუმცა, კლინიკური გამოვლინება უფრო სუსტი აქვს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ომიკრონი, ძირითადად, ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს და პაციენტების მკურნალობა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴 ომიკრონისგან მხოლოდ სამშრიანი პირბადე გვიცავს - ექსპერტები

🔴 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?