მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ“ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

ღოღობერიძე
1643096267
COVID-19

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების, ინფექციის მსუბუქად მიმდინარეობის, რეინფიცირების შემთხვევებისა და ღია სივრცეში პირბადის გამოყენების შესახებ საუბრობს. 

როგორც „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ღოღობერიძემ აღნიშნა, კოვიდგავრცელების მაღალი სტატისტიკის მიუხედავად, ძალიან დაბალია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც კლინიკაში მოთავსება დასჭირდათ. 

ღოღობერიძის თქმით, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ ერთდროულად ბევრი ფაქტორი შეიცვალა. 

ექიმი ხაზგასმით სწორედ იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც ვირუსის ახალმა შტამმა შეცვალა.

„ჩვენ რომ შევხედოთ ნებისმიერი ქვეყნის კოვიდგავრცელების სტატისტიკას, გავრცელება რაკეტასავით არის, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების რიცხვი, პირიქით ქვეითდება. ერთდროულად ბევრი რამ შეიცვალა. მართალია ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობა იკლებს, კლინიკაში დაყოვნებული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად იკლებს, ანუ ვინც მოხვდება კლინიკაში, ისიც კი მცირე ხანს ყოვნდება.

მათი სიმპტომატიკაც ბევრად უფრო მსუბუქია, მათზე მედიკამენტების გამოყენება კიდევ უფრო ნაკლებად ხდება და გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად დაბალია. ჩვენ თუ შევხედავთ დაავადების სიმძიმეს და მისი გავრცელების არეალს, დაავადება ნაკლებად მძიმე ჩანს. წინა ვარიანტის დროს ინფიცირებულს თუ დაავადება ორი კვირა უგრძელდებოდა, ახლა ის საშუალოდ 5 დღე გრძელდება.

თუ წინა ვარიანტის დროს პაციენტს ფილტვები უზიანდებოდა და ჟანგბადზე იყო დამოკიდებული, ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ.  „ომიკრონის“ ეს ახალი ვარიანტი ქვედა სასუნთქი გზებიდან, ფილტვებიდან, ზევითკენ წამოვიდა. გამოხატული ყელის ტკივილი იცის და ამის გამო აქვთ ადამიანებს დისკომფორტი“, - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე გაქრა თუ არა კორონავირუსის სხვა შტამები, ექიმი ღოღობერიძე ამბობს, რომ არ გამქრალა და მათი რაოდენობა საკმაოდ მწირია. 

„არა, არ გამქრალა, მაგრამ მათი რაოდენობა ბევრად უფრო მწირია. მართალია დღეს, „ომიკრონი“ როგორც დომინანტური ვერსია გვაქვს, მაგრამ, ასევე, არის დელტა ვარიანტი, უხანური ვარიანტიც არის შემორჩენილი. მართალია, შემთხვევები პარადოქსულად იზრდება, მაგრამ კლინიკაში მოხვედრის შანსი დაბალია.

ჩანს იმედი იმისა, რომ ნელ-ნელა პანდემია დავასრულოთ. მეტ-ნაკლებად ყველა მზად ვიქნებით იმისთვის, რომ თუნდაც ახალი ვარიანტი გაჩნდეს. პანდემიის დასრულების ძალიან მაღალი შანსია. შეიძლება შემდეგ გაჩნდეს ადგილობრივი კერები. პანდემია აღარ იქნება, მაგრამ ენდემიები იქნება“, - განაცხადა ღოღობერიძემ. 

ამასთან, ღოღობერიძე ვირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ რეინფიცირებამ პაციენტები არ უნდა შეაშინოს, რადგან ვირუსის კვლავ დადასტურების შემთხვევაში ის განსაკუთრებული სიმპტომატიკით არ წარიმართება.  

„სხვათა შორის, რეინფიცირება საკმაოდ მაღალია. ამან პაციენტები არ უნდა შეაშინოს, რადგან რეინფიცირების შემთხვევაში დაავადება არ წარიმართება რაღაც განსაკუთრებული ფორმით. არასდროს არ ვიცით ვირუსი როგორ მოიქცევა, ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ“, - აცხადებს ღოღობერიძე. 

ექიმი სურდოს დროს სპრეების და ფიზიოლოგიური ხსნარების გამოყენების შესახებაც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათი გამოყენება მხოლოდ 3 დღის განმავლობაშია სასურველი.

„როცა ადამიანს სურდო აქვს, სურდოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება სპეციალური სპრეები, არსებობს ფიზიოლოგიური ხსნარი, მათ აქვთ ერთი ცუდი მხარე, რაც მინდა რომ ყველას ახსოვდეს. არ შეიძლება მათი გამოყენება სამ დღეზე მეტ ხანს, იშვიათად 5 დღე და გამონაკლის შემთხვევაში 7 დღე“, - ამბობს ღოღობერიძე. 

გარდა ამისა, გიორგი ღოღობერიძე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ღია სივრცეში პირბადის გამოყენებას.

„სამედიცინო ნიღბები ეფექტურია, მაგრამ ეფექტურობას აქვს თავისი განმსაზღვრელი შემთხვევები ანუ ნიღაბი გაკეთებული უნდა იყოს სწორად და განსაზღვრული დროის განმავლობაში. დღეს მე რაღაცნაირად არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ღია სივრცეში საჭიროა პირბადის ტარება“, - დასძინა გიორგი ღოღობერიძემ. 

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება