მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“ - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
1641976072
COVID-19

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ დაგროვებული ინფორმაციის  შესახებ წერს. 

მისი თქმით, „ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდ 19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.

„ომიკრონი“ შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს, ასევე, დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან. ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები ხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელი სიით.

ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ 19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება.

მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება), მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ნიუ-იორკში დღეის მონაცემებით „ომიკრონმა“ პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება, სავარაუდოდ ანთებითი პროცესი, რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას ახლავს თან, მით უმეტეს კოვიდ 19, გახდა იმის საფუძველი, რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო.

ამ შემთხვევაში ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ. იკითხავთ ალბათ, ხომ შეიძლება იგივე მიზეზით სეზონურ რესპირატორულ დაავადებას მოჰყვეს გართულებები. დიახ, შეიძლება, თუმცა მე პირადად არ ვიცი არც ერთი სეზონური ვირუსული დაავადება. რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ამდენ ადამიანს აინფიცირებს. შესაბამისად, დროის მოკლე მონაკვეთში მოცული მასშტაბები ქმნის პრობლემას“, - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

როგორც გეგეჭკორი წერს, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რომ რისკის ჯგუფები კვლავაც ძველებურად უნდა დავიცვათ კორონავირუსით ინფიცირებისგან. მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, „ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდ 19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლები სასიკვდილო რისკის შემცველი დაავადება.

„პრობლემას ქმნის „ომიკრონის“ უსწრაფესად გავრცელება. ერთდროულად ბევრი ადამიანის ავადობა, თუნდაც გართულებული შემთხვევების უმცირესი პროპორციული წილით, ჯამში, მოკლე დროში ჰოსპიტალიზაციას დრამატულად ზრდის და ჰოსპიტალური სექტორის სერიოზულ გადატვირთვას იწვევს. ამავე დროს, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლები, ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი ავადდება უსწრაფესად და პაციენტები ადეკვატური დახმარების გარეშე რჩებიან. ამას ვამბობ არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით რაშიც ყოველ დღე მიწევს ყოფნა.

უკვე შეიქმნა ექიმების და ექთნების სერიოზული დეფიციტი, რაც ჯერ კიდევ არაინფიცირებული პერსონალის სერიოზულ გადაღლას იწვევს. დაღლილი სამედიცინო პერსონალი მეტ ადამიანურ შეცდომასთან პირდაპირ პროპორციულია და არავის ვურჩევ ისეთ პირობებში გახდეს მძიმე პაციენტი როცა მას არასაკმარისად დაკომპლექტებულმა სამედიცინო ჯგუფმა უნდა მოუაროს. სადაც ომიკრონით ინფიცირება პიკს უახლოვდება სწორედ ასეთ მდგომარეობასთან არის ახლოს ჰოსპიტალური სექტორი.

ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირველი თვეების დრამატულობის იყო არაადამიანური დატვირთვის ზღვარზე მომუშავე სამედიცინო სექტორით წარმოქმნილი პრობლემები. ტექნიკური რესურსის მობილიზება შესაძლებელია დიდი თანხის ინვესტირებით, ადამიანური რესურსის შეუძლებელი. სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებას მინიმუმ ერთი ათეული წელი სჭირდება“, - აცხადებს გეგეჭკორი. 

ნანა გეგეჭკორის თქმით, „ომიკრონი“ ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას.

გეგეჭკორი მოსახლეობას, პრევენციის წესების დაცვისკენაც მოუწოდებს. 

„რაც შეეხება „ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდ 19 კლინიკურ მიმდინარეობას, ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსულ ინფექციას. ხშირ შემთხვევაში კი მისი ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ადამიანისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და დროულად მიიქციეთ ექიმის ყურადღება ქრონიკული დაავადებების გამწვავების პირველივე ნიშნებისთანავე.

გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაიცავით პრევენციის წესები. თქვენ მარტო არ ხართ ამ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ, მგზავრობენ, მუშაობენ ადამიანები ვისთვისაც არათუ კოვიდ 19, უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს. სწორედ ამ კატეგორიისთვის პანდემია ჯერჯერობით ისევ გამოწვევაა და ჩვენი გონიერებით ახლა ისინი გადავარჩინოთ.

უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ეფექტური ვაქცინებით, სრულად აცრილებისთვის „ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდ 19 თვისობრივად სხვა დაავადებაა. ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ვაქცინაციას მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვს და მისი თვითნებურად გადაჭარბება საფრთხეს შეიცავს იმუნიტეტისთვის.

კოვიდ 19-ის ვაქცინაციის იდეალური ვადები, დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის იდეალური მიდგომები თუ პროგნოსტული კრიტერიუმები ჯერაც ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან უამრავი კვლევა მიმდინარეობს ერთდროულად და შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პროტოკოლები იხვეწება. სწორედ ამითაა განპირობებული ინფორმაციის ხშირი განახლება და არა იმით, რომ მეცნიერება და სამედიცინო სექტორი დაბნეული, არაორგანიზებული ან კონსპირაციებში გახლართულია. პირიქით, მეცნიერების და მედიცინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი რომ პანდემიის მართვის პროტოკოლები უსწრაფესად იხვეწება და დაავადება უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ადამიანებისთვის“, - წერს ნანა გეგეჭკორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ - ამირან გამყრელიძე