მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონით ძალით ინფიცირების მოსაზრება ბოლო დროს ძალზე მოდურია“ - ამერიკელი ექსპერტი

კორონავირუსის შტამი ომიკრონი Pia.ge
1642077647
COVID-19

აშშ-ში სულ უფრო პოპულარული ხდება მოსაზრება, რომ სჯობს ომიკრონის გადატანა და „ამით პრობლემები დასრულდება. ის ხომ ძალზე რბილია და იმუნიტეტს ამაღლებს“. CNN 5 მიზეზს ასახელებს, როს გამოც არ არის საჭირო ომიკრონით ძალით ინფიცირება, რომ პანდემიას ბოლო მოეღოს.

„ომიკრონით ძალით ინფიცირების მოსაზრება ბოლო დროს ძალზე მოდურია. ამის თაობაზე ჩემი საკმაოდ განათლებული მეგობრებიც კი საუბრობენ“, - ამბობს ფილადელფიის ბავშვთა კლინიკის ვაქცინაციის ექსპერტი, დოქტორი პოლ ოფიტი. 

„ეს მოსაზრება სწრაფად გავრცელდა, როგორც ტყის ხანძარი. მოსაზრება პოპულარულია ყველა ტიპის ადამიანში, როგორც ვაქცინირებულებში, ასევე, რევაქცინირებულებში და ანტივაქსერებში. სრული სიგიჟეა ამ შტამით ძალით ინფიცირების შესახებ მოსაზრება. ეს დინამიტთან თამაშს ჰგავს“, - ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ მერფი. 

ექსპერტები 5 მიზეზს ასახელებენ, რის გამოც არ ღირს ომიკრონით ძალით ინფიცირება:

1️⃣ ეს არ არის გაციების ძლიერი ფორმა

ომიკრონის სიმპტომები: რობერტ მერფის თქმით, ომიკრონის შემთხვევებშიც ხშირად ფიქსირდება ციებ-ცხელება, სხეულში ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, ყელის ტკივილი და ჰიპერემია (ორგანიზმის გარკვეულ ნაწილში სისხლის დაგროვება). ამის შედეგად ადამიანი რამდენიმე დღეში ძალებს კარგავს.

„ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა“, - ამბობს მერფი.

ერთი მილიონი ადამიანის მონაწილეობით ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა, ომიკრონი უფრო საშიშია 65 წელს გადაცილებული პირებისთვის, ასევე, არავაქცინირებული ადამიანებისთვის და ქრონიკული დაავადებების - დიაბეტის, თირკმელების, გულის, ფილტვების, ღვიძლის ან ნევროლოგიური დაავადების გადატანის შემთხვევაში.

„მართალია, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში დელტა შტამისგან განსხვავებით ჰოსპიტალიზაციის, საავადმყოფოში ან რეანიმაციაში მოხვედრის შანსი და მით უმეტეს გარდაცვალების რისკი ნაკლებია. ეს ყველა ასაკობრივ კატეგორიას ეხება“, - ამბობს პოლ იფიტი.

მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარდაცვალების რისკი 0%-ს შეადგენს.

2️⃣ თქვენ შეიძლება ხანგრძლივი Covid-19 მიიღოთ

ყნოსვის და გემოს დაკარგვა კორონავირუსის მარტივ შემთხვევებში უფრო გავრცელებულია. ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს ყნოსვა და გემო დაახლოებით ერთ თვეში უბრუნდებათ, მაგრამ ზოგჯერ ეს პროცესი 6 თვესაც გრძელდება.

ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. არსებობს კიდევ ხანგრძლივი Covid-19, რომლის დროსაც ადამიანებს სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, ციებ-ცხელება, თავბრუს ხვევა, დიარეა, აჩქარებული პულსი, კუნთების და მუცლის ტკივილი, ასევე ცუდი განწყობა და ძილის პრობლემები აღენიშნებათ.

კოვიდის ხანგრძლივ ფორმას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების, გულის და თირკმელების დაზიანება, ასევე, საუბარია ფსიქიკური აშლილობის საფრთხეზეც.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომების დადგენას. ამიტომ არ ვურჩევდი ვინმეს, რომ ვირუსით სპეციალურად დაინფიცირდეს“, - ამბობს დოქტორი ოფიტი.

3️⃣ თქვენ კორონავირუსს ბავშვებში ავრცელებთ

12-17 წლის მოზარდების 54% აშშ-ში სრულად იყვნენ ვაქცინირებულები. რაც შეეხება 5-11 წლის ბავშვებს, მათ შორის ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 23% არის აცრილი.

ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ბუსტერ დოზით არიან აცრილები, რაც ომიკრონის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, ძალზე მცირეა, ვინაიდან 12 წლამდე ბავშვებში მესამე დოზით ვაქცინირება ცოტა ხნის წინ იყო დამტკიცებული.

შესაბამისად, ნებისმიერი სარისკო ქცევა, რაც ომიკრონით ინფიცირების საფრთხეს ქმნის, მაგალითად პირბადის არარსებობა, სოციალური დისტანცირების დარღვევა, განსაკუთრებით შენობაში, სხვა ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს რისკის ქვეშ აგდებს.

აშშ-ის პედიატრიის აკადემიის ინფორმაციით, ბოლო დროს ბავშვებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება. 6 იანვრამდე ერთ კვირაში აშშ-ში 580 000 ბავშვი დაინფიცირდა. რაც წინა კვირის სტატისტიკაზე 78%-ით მეტია.

რაც ყველაზე ცუდია, 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

„ბავშვების დაცვის საუკეთესო საშუალებაა მათი ვაქცინაცია. ასევე, მათ გარშემო უნდა იყვნენ აცრილი ადამიანები“, - განაცხადა  CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

4️⃣ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა გაძლიერდება

SARS-CoV-2-ის ნებისმიერი შტამით განზრახ ინფიცირების შემთხვევაში თქვენ პანდემიის გაგრძელებას ხელს შეუწყობთ და ჯანდაცვის სისტემაზე  ზეწოლა გაძლეირდება.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი კლინიკების 25%-ში პერსონალის კრიტიკული დეფიციტი შეინიშნება.  ეს პანდემიის სხვა ეტაპებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გაიზრდება, რადგანაც სამედიცინო მუშაკების დიდი ნაწილი ან ინფიცირებულია, ან კარანტინში იმყოფება. ეს ძალზე ცუდ პერიოდში ხდება, ამჟამად აშშ-ში საავადმყოფოებში Covid-19-ით ინფიცირებული 138  ათასი პაციენტი იმყოფება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებები 80%-ით არის სავსე. ვერ ტარდება გეგმური ოპერაციები და პაციენტებისთვის აუცილებელი სხვა პროცედურები.

„ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობისთვის არ არის შექმნილი. იქ ხვდებიან გულის პრობლემებით, ავარიებში დაშავებულები, ბავშვები, რომლებსაც ბრმანაწლავი აწუხებთ“, - ამბობს დოქტორი აშიშ ჯა.

5️⃣ ჩუტყვავილას წვეულებები მეორდება?

იდეა, რომ ბავშვი ადრინდელ ასაკში რაიმე დაავადებით სპეციალურად დაინფიცირდეს, რადგანაც ბავშვობაში ის ადვილად გადააქვს, ადრეც არსებობდა. არსებობდა „ჩუტყვავილას წვეულებების“ პრაქტიკა, როდესაც ბავშვებს სპეციალურად აინფიცირებდნენ ამ დაავადებით. აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა უფრო მძიმედ გადააქვს და სჯობს ბავშვმა ის ადრინდელ ასაკშივე გადაიტანოს.

„მე არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ასეთი წვეულებები ბავშვისთვის ლეტალური შედეგით სრულდებოდა. ასე რომ ეს ძალზე ცუდი აზრია. არ არის საჭირო დედა ბუნებასთან ხუმრობა. მას თავისუფლად შეუძლია ჩვენი მოკვლა“, - ამბობს დოქტორი ოფიტი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 „აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება