COVID-19

ვაქცინირებულები ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1634898669
დაკოპირებულია

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში მაღალი ციფრები გვაქვს ნოემბერ-დეკემბერი ალბათ მძიმე იქნება.

მისი თქმით, დღეს სერიოზული პრობლემაა ის, რომ დაწესებული რეგულაციები სათანადოდ არ სრულდება.

ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ რუსეთში გავრცელებული ვირუსის ახალი შტამი საქართველოშიც მალე შემოვა.

„ჩვენ ახლა რესპირაციული ინფექციების სეზონზე შევდივართ და ამიტომ მაღალი ალბათობით ნოემბერ-დეკემბერი ძალიან რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ველოდებით გრიპის შემთხვევების აღმავლობას.

პანდემიის საწყის ეტაპებზე კოვიდი სპეციფიკური სიმპტომებით გამოირჩეოდა და ადვილი გასარჩევი იყო გრიპისგან. რაც დელტა შტამი გავრცელდა, კოვიდის სიმპტომები იმდენად ჰგავს სხვა რესპირაციულ სიმპტომებს, რომ კლინიკურად გარჩევა შეუძლებელია. ძალიან ხშირად მიმდინარეობს სურდოთი. ამჟამად ძალიან ბევრი შემთხვევა მიმდინარეობს სურდოთი და ყელის ტკივილით.

ეპიდვითარება სერიოზული და ნამდვილად საყურადღებოა. ნოემბრის შუა რიცხვებისკენ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. შეზღუდვების ასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არ ხდება. ამ აღმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივად აღარ ხდება იზოლაციის წესების სწორი დაცვა. კონტაქტების იზოლაცია ხშირ შემთხვევაში არ ხდება, თვით კოვიდ ინფიცირებულებიც კი თავისუფლად გადაადგილდებიან.

არსებული რეგულაციები თუ სწორად დავიცავით და აღსრულებაზე ვიმუშავეთ, ესეც სრულიად საკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული შეზღუდვები ნორმალურად არ სრულდება, განსაკუთრებით ეს ეხებათ კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან და გარშემო მყოფებს აინფიცირებენ“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

მაია ბუწაშვილმა, ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინა ადამიანს იცავს გართულებისგან და სიკვდილისაგან.

ამასთან, ინფექციონისტი, ამბობს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში გართულებები ძალიან იშვიათია.

„დღეს რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების ძალიან მცირე სეგმენტი არის აცრილი. ვაქცინირებულებში ინფიცირების რისკი არსებობს, რა თქმა უნდა, ნაკლები ვიდრე არავაქცინირებულებში, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან. სიმპტომები როდესაც ნაკლებად აქვს ადამიანს, ის ნაკლებად ავრცელებს გარემოში ვირუსს და ამ მხრივ ვაქცინირებული ნაკლებად ავრცელებს ინფექციას, ვიდრე არავაქცინირებულები. ვაქცინირებულ ადამიანებში გართულებები გვაქვს ძალიან იშვიათი.

ტვინდემია ახალი არ არის, შარშანაც არსებობდა ეს ტერმინი. სეზონური გრიპი ყოველწლიურად არის და მოსალოდნელი ყოველთვის არის, რომ იქნება ამ 2 ინფექციის თანხვედრა. გრიპის ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა გრიპის ვაქცინამ დაიგვიანა.

რაც შეეხება ვაქცინაციის მოცვას, რა თქმა უნდა, დაბალია, თუ სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ. როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

👉 „მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი