მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვცდილობთ, დავადგინოთ აქვს თუ არა ვირუსს იმუნიტეტი ვაქცინების მიმართ“ - ენტონი ფაუჩი

 აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩი
1638093770
COVID-19

აშშ-ის  პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 29 ნოემბრიდან აშშ-ში შეზღუდვები დაწესდება იმ პირთათვის, ვინც მოგზაურობდა სამხრეთ აფრიკასა და ამ კონტინენტის კიდევ შვიდ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გაჩენას უკავშირდება. ამის შესახებ CNN იუწყება. 

შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების წამყვანი ექსპერტის, დოქტორ ენტონი ფაუჩისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეზღუდავს მოგზაურობას სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან.

ბაიდენმა 27 ნოემბერს ხელი მოაწერა ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში იმ პირთა შესვლას, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში იმყოფებოდა.

შეზღუდვებისგან აშშ-ის მოქალაქეები, ასევე, ის ადამიანები თავისუფლდებიან, რომლებიც არიან მოქალაქეების მეუღლეები ან აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები.

შეზღუდვები არ შეეხება ფრენებს, რომლებიც განხორციელდება 29 ნოემბერს აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 12:01 საათამდე.

პარალელურად აშშ-ის ცენტრალური ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობს შეისწავლოს და გაიგოს მეტი ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ. მანამდე კი ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ მოგზაურობა იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალი შტამი გავრცელდა, რადგანაც ვირუსის ახალი ვარიანტის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. 

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული ახალი შტამის შესახებ მას ინფორმაცია პარასკევს მიაწოდეს.

„გადავწყვიტე, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა ბაიდენმა.

„ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ამ ვარიანტის შესახებ, გარდა იმისა, რომ არის დიდი შეშფოთება და, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება. Covid-ის გუნდთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი ფაუჩი, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ შტამის აქტიური შესწავლა მიმდინარეობს, რათა მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია იყოს მოპოვებული.

თეთრი სახლი ავიაკომპანიებთან კონტაქტშია

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  შეზღუდვების დაწესებამდე მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიება იქნება გატარებული, მათ შორის გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შიდა წესები  და მოხდება მჭიდრო კოორდინაცია ავიაკომპანიებთან.

„ვადებში შეზღუდულები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გაკეთდეს,” - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ავიაკომპანიებში არსებულმა წყარომ განუცხადა CNN-ს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები და თეთრი სახლი ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და ახალი სამოგზაურო შეზღუდვების საკითხები განიხილეს.

აშშ-ის ძირითადი ავიახაზების სავაჭრო ჯგუფში განაცხადეს, რომ აქვთ „ბევრი უპასუხო კითხვა“ მომავალი შეზღუდვების შესახებ.

როგორც „ამერიკის ავიახაზების“ სპიკერმა კარტერ იანგმა CNN-ს განუცხადა, ჯგუფში მიაჩნიათ, რომ მოგზაურობის გადაწყვეტილებები  პირველ რიგში „დაფუძნებული უნდა  იყოს მეცნიერებაზე“.

„ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აშშ-ის მთავრობასთან, რადგან ბევრი რამე არ გვესმის და არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, ამ სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებები მეცნიერულად იყოს დასაბუთებული”, - ამბობს კარტერ იანგი.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს, ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყნის ტერიტორიაზე. 26 ნოემბერს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი ახალ ვარიანტს „ომიკრონის“ სახელი მიანიჭა.

დროის მოგების ტაქტიკა

მოგზაურობის შეზღუდვები აშშ-ის ფედერალურ მთავრობას უფრო მეტ დროს მისცემს ახალი ვარიანტის შესასწავლად, - აცხადებენ ოფიციალური პირები.

ამერიკის მთავრობაში ესმით, რომ ახალი ვარიანტი გარკვეული დროის შემდეგ ყველა ვარიანტში გამოჩნდება შეერთებულ შტატებში, მაგრამ ახალმა შეზღუდვებმა უნდა მისცეს ფედერალურ ჯანდაცვის სააგენტოებს მეტი დრო, რათა ახალი ვარიანტი დეტალურად იყოს შესწავლილი. ასევე დადგინდეს ამ შტამით გამოწვეული დაავადების სიმძიმე.  ოფიციალური პირები ფიქრობენ რომ „ომიკრონს“ აშშ-ში ჯერ არ შეუღწევია.

ოფიციალური პირები სწრაფად მოქმედებენ ახალი შეზღუდვების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარიანტის შემთხვევები დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მხოლოდ ორი დღის წინ ცნობილი გახდა, თუ რამდენად სერიოზულია ის.

ამერიკელი მეცნიერები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხრეთ აფრიკის კოლეგებთან, რათა შეიტყონ მეტი ახალი ვარიანტის შესახებ. ”ახლა, ჩვენ ვაგროვებთ მასალებს ჩვენს სამხრეთ აფრიკელ კოლეგებთან ერთად, რათა მივიღოთ სიტუაცია, სადაც რეალურად შესაძლებელია ვირუსზე დაკვირვება და შესაბამისი კვლევების ჩატარება“. - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

„ვცდილობთ დავადგინოთ, რეალურად აქვს თუ არა ვირუსს „იმუნიტეტი“ ვაქცინების მიმართ,”, - თქვა ფაუჩიმ.

„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ამერიკელ ხალხის  დასაცავად“, - ამბობს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი.

რამდენიმე სხვა ქვეყანამ - მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსის ამ ვარიანტის გაჩენის საპასუხოდ, ასევე, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი  ქვეყნებიდან.

ამავე თემაზე:

📣 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

📣 რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტს - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

📣 გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა