მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო - საქსტატი

რუსეთი, მოსკოვი

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 898.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. დოლარს (გაიზარდა 9.0%-ით). ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 1 068.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

ამავე ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

✔️ რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი)

✔️თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი)

✔️ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი) 

✔️მათ მოსდევს აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია

2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9%-ია. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7%), ხოლო მესამეზე ფეროშენადნობები - 71.7 მლნ.აშშ დოლარით (7.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო (207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5%). მეორე ადგილი ნავთობის აირებმა და სხვა აირისებრმა ნახშირწყალბადებმა დაიკავა 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%).