მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება ძალიან კარგი შედეგის მომტანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, საზოგადოებისთვის - ოთარ ანგურიძე

 თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე

ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა შეაფასა, რომელიც წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ეხებოდა და რომელიც 1-ელ დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა. ეკონომისტმა აღნიშნულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. 

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მოსახლეობისთვის იქნება ძალიან კარგი და მისაღები.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ეკონომისტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანონმდებლობა ასეთი ქმედებების მიმართ უნდა იყოს მკაცრი.

„ფარმაცევტული სფერო არის სექტორი, რომელიც ჩვენს მოსახლობას ტვირთად ძალიან აწევს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არის სოციალურად შეჭირვებული და არიან ფარმაცევტული პროდუქტების მომხმარებელი. შესაბამისად, როდესაც ფასები იზრდება მედიკამენტებზე, ეს პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება და კიდევ უფრო მეტად აუარესებს მათ მდგომარეობას. ამიტომ ის რეფორმები, რომლებიც დაიწყო წამლების გაიაფებასთან დაკავშირებით, არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, რომელიც იქნება ორიენტირებული, ჩვენთან საქართველოში დაბალანსდეს წამლების ფასები და იყოს მოსახლეობის შესაძლებლობებთან ახლოს, იქნება ძალიან კარგი. 

ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების პირველ ათეულში წარმოდგენილია 2 მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ კომპანიებს აქვთ უამრავი საკმაოდ დიდი ბრუნვა და სწორედ ამ მედიკამენტების მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა, როგორც ხარისხის ნაწილში, ასევე, წარმოქმნის  ნაწილში, რომელიც იწვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და გარანტიების მიცემას, არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი.

რაც შეეხება აფთიაქებში ფარმაცევტების დამოკიდებულებას წამლების ხარისხთან დაკავშირებით, თუ  ფარმაცევტი  მომხმარებელს ეუბნება, რომ თურქული წამალი არის უხარისხო და სხვა წარმოება არის ხარისხიანი, ამ ფაქტს სჭირდება შესაბამისი რეაგირება. თუ აღნიშნული ფაქტი არის დადასტურებული, კანონმდებლობა ასეთი ქმედებების მიმართ უნდა იყოს მკაცრი, რათა ფარმაცევტმა თუ  ფარმაცევტულმა კომპანიამ საკუთარი ინიციატივით არ აყიდინოს წამლები მომხმარებელს სურვილის შესაბამისად. სახელმწიფოს როლი აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა აქამდეც, ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს“, - აცხადებს ოთარ ანგურიძე.

ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დაწესდეს წამლებზე რეფერენტული ფასები, მისასალმებელია და დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება. 

„წამლებზე  რეფერენტული ფასების დაწესება, პირველ რიგში, სოციალური თვალსაზრისით საკმაოდ კარგ  შედეგებს მოიტანს, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს მედიკამენტებში. პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ექნებათ შესაძლებლობა დაზოგონ მედიკამენტების თანხა და ეს თანხები მიმართონ უკვე სხვა საჭიროებისამებრ და უფრო ბევრი სხვა რამ შეიძინონ.

თუ  ბიუჯეტს უშუალოდ ფარმაცევტული კომპანიებიდან დააკლდება რაღაც, სხვა სფეროებიდან მოხდება საბიუჯეტო დანაკლისის დაბალანსება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ დაზოგილ თანხას სხვა პროდუქტების შეძენაში დახარჯავს და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოს შეუმსუბუქდება სოციალურად დაუცველებისთვის და პენსიონერებისთვის განკუთვნილი ხარჯები. აქაც ექნება სახელმწიფოს ეკონომია. ვფიქრობ, ყველა მიმართულებით სახელმწიფოს გადმოსახედით ასეთი ქმედება არის კარგი და მისაღები. როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, საზოგადოებისთვის წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება არის ძალიან კარგი შედეგის მომტანი“, - დასძენს ეკონომისტი.

ცნობისთვის, გარდა წამლებზე ფასების შემცირებისა, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მომავალი წლის ბიუჯეტი ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა და განათლების რეფორმა.