მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2024 წლის ბოლოსთვის, იუსტიციის სახლი ყველა მუნიციპალური ცენტრის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე  ერეკლე ღვინიანიძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 2022-2023 წლებში კიდევ 6 იუსტიციის სახლი გაიხსნება. ვინაიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესება წარმოადგენს, მშენებლობები იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, სადაც ჯერ კიდევ მოძველებული ინფრასტრუქტურაა შემორჩენილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ ისაუბრა:

- უახლოეს წლებში რა გეგმები გაქვთ იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით?

- პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების დასრულებას 2024 წელს შევძლებთ. ამ დროისთვის სრულად მოვიცავთ საქართველოს იმ მუნიციპალურ ცენტრებს, სადაც იუსტიციის სახლი არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, 2023 წელს მშენებლობებს დავიწყებთ მცხეთაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და წალენჯიხაში. ამ ქალაქებში, სახელმწიფო სერვისები მოძველებულ შენობებში გაიცემა და აუცილებლად საჭიროებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით ჩანაცვლებას. აღსანიშნავია, რომ ახალ ფილიალებში არა მხოლოდ იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმდება, არამედ განხორციელდება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების იმ ოფისების გადატანაც, რომლებიც მანამდე მოძველებულ შენობებში იყო განთავსებული.

- როდისთვის იგეგმება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა და რომელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს პირველ ეტაპზე?

- ამჟამად მიმდინარეობს და უკვე წელს, სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-მდე სერვისით ისარგებლებს: სუფსის, სამტრედიის, ხაშურისა და ზესტაფონის მოსახლეობა. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელმაც საბოლოო ჯამში, ყველა ის ქალაქი, უნდა მოიცვას, სადაც მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდება ჯერ ვერ ხორციელდება. ყველა ამ ქალაქში, შენდება თანამედროვე, მომხმარებლის კომფორტზე, ხარისხიან სერვისსა და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა. ამჟამად მშენებლობა ერთდროულად 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მათგან ოთხი: სუფსის, სამტრედიის, ხაშურის და ზესტაფონის ფილიალები, უკვე 2022 წლის ბოლოსთვის შევა ექსპლუატაციაში.  რაც შეეხება კიდევ 2 ფილიალს - თერჯოლასა და ახმეტაში მიმდინარე მშენებლობებს, მათი დასრულება 2023 წელსაა დაგეგმილი.

- ინოვაციური პროექტი, „მობილური იუსტიციის სახლი“, რომელიც ახლახან დაიწყო და რომელიც სოფლის მოსახლეობას ადგილზე, სოფელშივე უწევს მომსახურებას, ამჟამად რამდენ რეგიონს მოიცავს?

- იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ 2021 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ამჟამად იგი 6 რეგიონის: იმერეთის, კახეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს და შიდა ქართლის ათეულობით იმ სოფელს ემსახურება, რომელიც იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს. წარმატებული დასაწყისი გვაძლევს სტიმულს, რომ მინისტრის მხარდაჭერით, პროექტის გაფართოებაზე ვიმუშაოთ.

- რეგიონის მოსახლეობა უნდა ელოდოს ამ სასიამოვნო სიახლეს?

- მოხარული ვართ, რომ უახლოეს დღეებში დაემატება და „მობილური იუსტიციის სახლი“ რიგით მეშვიდე, ისეთ მთიან რეგიონს მოიცავს, როგორიც მცხეთა-მთიანეთია. გარდა მცხეთა-მთიანეთის სოფლებისა, „მობილური იუსტიციის სახლი“ წეროვანში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებსაც მიაკითხავს, რაც მათ სერვისების მისაღებად ქალაქში ვიზიტის აუცილებლობას მოუხსნით. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები მოქალაქეების სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და ხარისხიანი სერვისის დანერგვა ქვეყნის სრული მასშტაბით.

⭕ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში

⭕ 2022-2023 წლებში აშენდება და ამოქმედდება 6 იუსტიციის სახლი

⭕ ამჟამად მიმდინარეობს და წელს დასრულდება მშენებლობა სუფსაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ზესტაფონში

⭕ თერჯოლასა და ახმეტაში მიმდინარე მშენებლობები 2023 წელს დასრულდება

⭕ 2023 წელს მშენებლობები დაიწყება მცხეთაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და წალენჯიხაში