მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა, თუმცა ამის მიუხედავად საზოგადოების მხრიდან ვირუსის მიმართ ინტერესი მაინც არ განელებულა. 

„მაიმუნის ყვავილი“ ჯერჯერობით კვლავ ვრცელდება მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის არაენდემურ ქვეყნებშიც. ვირუსის ერთი შემთხვევა საქართველოშიც დადასტურდა. 

როგორ გადადის ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე, დროის რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება ადამიანი ინფიცირებული იყოს, გადადის თუ არა ვირუსი ხელის ჩამორთმევით, მოხვევით და ასე შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ამ კითხვებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს. 

გოგინავა ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ იოლად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. 

მარტივად გკითხავთ, „მაიმუნის ყვავილი“ გადადის თუ არა ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით, მოხვევით...?

- „მაიმუნის ყვავილი“ ადვილად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. საჭიროა ხანგრძლივი და საკმაოდ ახლო კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ძირითადად, დაინფიცირების წყარო დაავადებული ადამიანი ან ცხოველია. იმისთვის, რომ წვეთოვანი გზით დავინფიცირდეთ, საჭიროა 1 საათიანი ან მეტი ხნის კონტაქტი 1 მეტრ დისტანციაზე. ვიცით, რომ „მაიმუნის ყვავილს“ ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, თუ ჩვენ შევეხებით ამ გამონაყარს შიშველი, დაუცველი ხელით და შემდგომ ეს ხელი მოხვდება თვალში ან პირის ღრუში, რა თქმა უნდა, ასეთ დროსაც არსებობს ინფიცირების რისკები. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ხანმოკლე კონტაქტით დაავადების გავრცელების გავრცელების რისკები საკმაოდ დაბალია. 

რას გვეტყვით ვირუსის სიმპტომებზე, მის მიმდინარეობაზე? 

- თავიდან ზოგადი სიმპტომებით იწყება, როგორიც არის ცხელება, შესაძლოა, იყოს ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი. ამას შემდგომ გამონაყარი ერთვის, ძირითადად, გამონაყარი ვლინდება საზარდულის მიდამოში და შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება. 

პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ლაქოვანი ელემენტები, შემდეგ კი ჩნდება ბუშტუკები, რომლებსაც აქვს გამჭვირვალე ან მღვრიე, ჩირქოვანი შიგთავსი. ეს სიმპტომები დაახლოებით ცხელების დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს ვითარდება. 

რამდენი ხანი შეიძლება ინფიცირებული ადამიანი გადამდები იყოს? რა პერიოდზეა საუბარი? 

- ადამიანი გადამდებია სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე და დაავადების მწვავე მიმდინარეობის პერიოდში, სანამ გამონაყარი აქვს. როგორც კი გამონაყარის ელემენტები ალაგდება და დაიფარება ქერქით, ადამიანი გადამდები აღარ არის. ეს დამოკიდებულია „მაიმუნის ყვავილის“ მიმდინარეობაზე. მძიმე მიმდინარეობის დროს, როდესაც უხვი გამონაყარია, ასეთი ადამიანი უფრო ხანგრძლივად არის გადამდები, ხოლო მსუბუქი მიმდინარეობის დროს მალევე ხდება გამონაყარის ალაგების დაწყება. დაახლოებით 1 კვირა ან 10 დღის განმავლობაშია ადამიანი გადამდები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, გადადებისთვის აუცილებელია მჭიდრო და ახლო კონტაქტი. 

საზოგადოებას ავუხსნათ, როგორ მიმდინარეობს დაავადების მკურნალობა ? 

- საშუალო და მსუბუქი შემთხვევების დროს, ძირითადად, ამ ეტაპზე მსოფლიოში მკურნალობა სიმპტომურია, ხოლო თუ გვაქვს მძიმე მიმდინარეობის რისკები, არსებობს სპეციფიკური, ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია და დაავადებების გართულებებისგან გვიცავს. 

„მაიმუნის ვირუსის“ გამონაყარი ჩუტყვავილას გამონაყარს ჰგავს? 

- განსხვავებული გამონაყარია, თუმცა, შესაძლოა, ადამიანს, ვინც მედიცინაში გარკვეული არ არის, ერთმანეთში აერიოს, რადგან ჩუტყვავილასაც და „მაიმუნის“ ყვავილსაც ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ ჩუტყვავილას გამონაყარი იწყება სახის და თავის თმიანი ნაწილიდან, ხოლო „მაიმუნის ყვავილის“ გამონაყარი, ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, იწყება საზარდულიდან და შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე. 

ბოლოს ვაქცინებზე გკითხავთ, რას გვეტყვით იმ ვაქცინებზე, რომელიც უკვე დანერგილია, როგორც ვიცით,  „მაიმუნის ვირუსის“ ორი ვაქცინა არსებობს...

- ორი ვაქცინა არსებობს, ორთოპოქსვირუსების საწინააღმდეგო ანუ იმ ჯგუფის, რომელსაც მიეკუთვნება „მაიმუნის ყვავილი“, ამ ვირუსებში ყველაზე ცნობილი და საშიში არის „ადამიანის ყვავილი“. მის საწინააღმდეგოდაც საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინა არსებობს, რომელიც, ასევე, გვიცავს „მაიმუნის ყვავილისგან“ და ამცირებს ინფიცირების რისკებს, 85-90%-ით. ამიტომ, ვაქცინები არის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილების მქონე. იმ შემთხვევაში თუ დაავადების გავრცელება იქნება მაღალი, საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინაციის წარმოების საშუალება მსოფლიოს გააჩნია.  

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

 თუ ეს დაავადება ევროპისთვის ენდემური გახდება, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე - წერეთელი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ „მაიმუნის ვირუსი“ საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია - გიორგი ფხაკაძე

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

ომიკრონის BA.5 შტამს უნარი აქვს წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს - ალექსანდრე გოგინავა