მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საერთაშორისო სტატისტიკით, ხუთი ბავშვიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება - უფლებადამცველი მოზარდებზე ძალადობაზე

უფლებადამცველი ანა არღანაშვილი

საქართველოში ყოველწლიურად ასობით არასრულწლოვანი სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დაზარალებული მიღებული ტრავმისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს, ასევე არ ხდება ყველა დამნაშავის შესაბამისად დასჯა. 

რა სისტემური პრობლემები არსებობს ბავშვთა ძალადობის პრევენციაში? რა როლი აქვს ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესში სპეციალისტების დახმარებას? რა უნდა გაკეთდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად? ამ და სხვა საკითხებზე PIA.GE-სთან უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა ისაუბრა. 

- რა პრობლემებს ვაწყდებით ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით საქართველოში?

ბავშვთა ძალადობაზე პრობლემებს ვხვდებით ძალიან ბევრ სექტორსა და სფეროში. დაწყებული იქიდან, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა არის ძალადობა, დამთავრებული იმით, რომ ხშირად მოძალადეები სხვადასხვა გარემოების გამო ვერ ისჯებიან.

ამ ბევრ პრობლემაში ჩვენი, უფლებადამცველებისა და ბავშვთა ადვოკატების, იმედი არის სასამართლო, რომელმაც ყველა ის შეცდომა და ხარვეზი უნდა გამოასწოროს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე იყო დაშვებული: პრევენციის არქონა, რეაგირების ნაკლებობა და ა.შ. როდესაც სასამართლოში გვხვდება პრობლემა, ეს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულად აღიქმება, რადგან ყველა სხვა ეტაპზე ბავშვებს ვამხნევებთ, რომ მათი ხმა სასამართლოს მხრიდან მაინც იქნება გაგონილი. განსაკუთრებით მტკივნეულია და ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველია თუ ჩვენ სასამართლოში გვხვდება პრობლემები.

- რამდენად დროული და ეფექტიანია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან რეაგირება?

სამწუხაროდ, არ არის ეფექტიანი რეაგირება და ეს მრავალდონიანი პრობლემაა. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ყველა სახის სექსუალური ძალადობის დასჯას და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, არ გვყავს საკმარისად გადამზადებული პროფესიონალები და ძალიან ხშირად ერთ პროკურორს ან ერთ გამომძიებელს აწევს მთელი ამ ხარვეზის გამოსწორების მოლოდინები.

რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი კანონმდებლობისა და რესურსების პირობებში, მხოლოდ ერთი ადამიანი ან ერთი უწყება ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებს და სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს კანონმდებლობის დონეზე, ბავშვების ექსპერტიზების დონეზე, ასევე, არსებობს ბავშვების გამოკითხვის პრობლემა, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის არქონა, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან პრობლემის შეტყობინების ნაკლებობა. ამ პრობლემებზე ინტერსექტორულად მუშაობა არ ხდება. ამიტომაც გვაქვს გაცილებით ნაკლები შეტყობინება ძალადობის შესახებ, რადგან საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ხუთი ბავშვიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და ჩვენი სტატისტიკა არც კი უახლოვდება საერთაშორისო ნორმებს. 

- რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ?

არათუ სექსუალური ძალადობის, არამედ ბავშვთა ძალადობის პრევენციის ცალკე გაწერილი გეგმაც კი არ გვაქვს. ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო მოთხოვნებს არ შეესაბამება. სახელმწიფოს აქვს ასეთი მიდგომა, რომ თუ პრობლემას არ აღიარებს, მაშინ მას ნაკლებად გააკრიტიკებენ. სახელმწიფო პრობლემებს, რომლებიც აშკარად არსებობს, არ აღიარებს. მისი ხედვა არის, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სიმართლე არ არის. 

- სექსუალური ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოებაში კვლავ დაბალია ინფორმაცია ბავშვის ამ სახის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შესახებ, რა უნდა გაკეთდეს სტიგმისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოსაფხვრელად? 

პირველ რიგში, დაგვჭირდება სამოქმედო გეგმა და ამას სჭირდება ყველა სექტორში არსებული პრობლემების ძალიან კარგი ანალიზი. მაგალითად, გვაქვს სექტორები, რომელთა მიმართაც ამ კუთხით ყურადღება საერთოდ არ არის გამახვილებული. ტურიზმის სექტორი რომ ავიღოთ, სადაც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები ძალიან მაღალია, ჩვენთან არ გვაქვს რეგულაცია, რომელიც ბავშვებს ტურიზმის სექტორში სექსუალური ძალადობისგან დაიცავს.

გარდა ამისა, ძალიან მაღალია ონლაინ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა და ამ კუთხითაც არ არსებობს რეგულაცია. მთელი რიგი სექტორები დღეს სრულიად არიან მინდობილი ძალადობის შემთხვევების თვითდინებით გამოვლენაზე. ჩვენ პროაქტიურად უნდა დავიცვათ ბავშვები, გავაფრთხილოთ მშობლები, გადავამზადოთ სპეციალისტები, გვქონდეს ერთიანი ხედვა და შევაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი მუშაობა. 

- არის თუ არა დღეს პრობლემა დაცვის მხარისა და მოსამართლის მიერ მსხვერპლისადმი მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები? რა უნდა გაკეთდეს სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად? 

დღეს გვაქვს ასეთი მიდგომა: კანონი თუ არის დაწერილი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. კანონის დაწერის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება გაიდლაინები, როგორ აღვასრულოთ იგი ეფექტიანად. დღეს არ გვაქვს არანაირი გაიდლაინი იმის შესახებ, თუ რა კითხვების დასმა არის არამიზანშეწონილი ბავშვისთვის, რომელი კითხვა უნდა აირჩეს, რას ნიშნავს ბავშვის მოსმენა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ამიტომ კანონი ეფექტიანად არ სრულდება და სასამართლოში ბავშვების ხელახალი „ვიქტიმიზაცია“ ხდება. ეს ხდება უმეტესად დაცვის მხარის ადვოკატების მხრიდან, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც თავად მოსამართლეებიც არ არიან მგრძნობიარე ამ საკითხებზე და არ იცავენ ბავშვებს თუნდაც დაცვის მხარის ადვოკატების მხრიდან შეტევის დროს ან თავადაც არამგრძნობიარე შეკითხვებს სვამენ, ეს არის სისტემური პრობლემა. 

- იკვეთება თუ არა ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება სექსუალური ძალადობის ნიშნებისა და შემთხვევების დროულად გამოსავლენად? სპეციალისტების რაოდენობა განსაკუთებით დაბალია რეგიონებში, რაც დაზარალებულების რეაბილიტაციის სერვისების სიმცირეზე აისახება, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო სპეციალისტების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად? 

რეაბილიტაციის სერვისები ფაქტობრივად არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის თავშესაფრები და ამავე თავშესაფრებს ვავალებთ ამ ფუნქციის შესრულებას, ეს თავშესაფრები ამ მიზნით შექმნილი არ არის. ცალკე უნდა იყოს შექმნილი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები.

რაც შეეხება სპეციალისტების გადამზადებას, პირველ რიგში, არიან სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ არიან გადამზადებულები, გადამზადება საერთოდ არ აქვს გავლილი სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლებს და მეორე პრობლემაა ის, რომ ვისაც აქვთ გადამზადება გავლილი, ადვოკატებს, სოცმუშაკებს, მათი გადამზადება არ არის საკმარისი, იგი არის ერთჯერადი და რეალურად არ ამოწმებს, თუ რამდენად შეიძინა შესაბამისი უნარები ამ ადამიანმა, ამიტომ ეს სისტემა უნდა გაუმჯობესდეს და შეიცვალოს. 

- როგორია მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა და რა პრობლემებს აწყდება მოზარდი სოციალურ სივრცეში რეინტეგრაციის გზაზე?

მოზარდი როდესაც ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს არ არის მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. ამის შემდეგ ზარალდება მისი აკადემიური მოსწრება, განათლება, ჯანმრთელობა. შესაძლოა, იგი საზოგადოებიდან საერთოდ გაირიყოს და ბავშვობაში განცდილი ძალადობა მთელი მისი ზრდასრულობის ტრავმად დარჩეს. 

რეაბილიტაციას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, იგი სავალდებულო უნდა იყოს. ეს პრობლემები, რომლებიც გხვდება უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ რეაბილიტაციის პროგრამები დაიწყოს სახელმწიფომ, თუმცა მსგავსი პროგრამების ამოქმედება ვერ ხდება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შეფასებული საჭიროებები და ამის გადავადებას ახდენს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოითხოვოს ამ პროგრამების შემუშავება ყველა ბავშვისთვის. რეაბილიტაციის გარეშე ბავშვის დატოვება მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობისგან მიღებული ტრავმის გაღრმავებას ნიშნავს. ამან შეიძლება, ადამიანს ხელი შეუშალოს თვითრეალიზაციაში, პროფესიის დაუფლებაში, ოჯახის შექმნაში და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხში.

 მოამზადა ლუკა ციბაძემ

7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ბიძა დააკავეს

დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა