მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასწავლო წლის დასაწყებად მზადება დასრულებულია, სკოლები მას მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან“ – თამარ მახარაშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი იწყება. სკოლის კარს 55 717 პირველკლასელი შეაღებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასწავლო წელს უამრავი სიახლითა და ინოვაციით ხვდება.

დაგეგმილი ცვლილებების, სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ PIA.GE-სთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.

- რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო ახალ სასწავლო წელს?

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 სექტემბერს სასწავლო წლის დასაწყებად მზადება დასრულებულია. ახალი სასწავლო წელი სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. 632 726 მოსწავლე შეაღებს სკოლის კარს, მათ შორის, 55 717 პირველკლასელია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. წელს ასეთი 2 000-მდე ბავშვია, შესაბამისად სისტემამ ამ ბავშვებისთვის დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება არის ზეიმი – ეს თარიღი განსაკუთრებულია ბავშვებისა და მშობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა შეხვდება საქართველოს დროშის აღმართვით და საქართველოს ჰიმნის გაჟღერებით. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, მიზნად ისახავს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების ხელშეწყობას.

ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლა უკვე არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელების ბუკებით. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ვამატებთ 73-მდე მანდატურს, ასევე, იზრდება განათლების სისტემის სოციალური მუშაკების რაოდენობაც, რომლებიც მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის პერსონალს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ.

რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, რომლებიც ზოგადი განათლების ყველა საფეხურს შეეხო.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა, რომლის თანახმად 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორია დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიმართულებით დიდი სამუშაო ჩატარდა – გადაიხედა მთლიანად საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი, განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება და შედეგად მივიღეთ ის, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეები საქართველოს ისტორიას, უძველესი დროიდან დღემდე, უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან. ამავდროულად, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მეათე კლასის მოსწავლეები მსოფლიო ისტორიას კვლავ შეისწავლიან, სადაც ასევე შედის საქართველოს ისტორიის სეგმენტიც.

მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, პირველ კლასში სავალდებულო საგნად მოსწავლეები ჭადრაკს შეისწავლიან. ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა 4 000 პედაგოგი გადაამზადა. ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის, ასევე, ძალიან მალე სკოლებში შევა შესაბამისი სადემონსტრაციო დაფებიც. მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, დღეს ჭადრაკი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას, სასკოლო ცხოვრების ნაწილია.

ახალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმას „თაგ რაგბი“, ე.წ. უკონტაქტო რაგბი, დაემატება, რაც გულისხმობს რაგბის ელემენტების გამოყენებით ფიზიკური განვითარების აქტივობების განხორციელებას. ჩვენ ვითანამშრომლეთ საქართველოს რაგბის კავშირთან და სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი უკვე განხორციელდა. „თაგ რაგბის“ მიმართულებით სპორტული ღონისძიებები დაიგეგმება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ II-VI კლასებში ინფორმაციული ტექნოლოგიები სავალდებულო საგნად შევიდა და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

რადგან დაწყებით საფეხურზე ვსაუბრობთ, აქვე აღვნიშნავ, რომ თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4 000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის. ამ მიმართულებით 60-ზე მეტმა ინგლისური ენის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი როგორც მოსწავლეებს, ასევე, მასწავლებლებს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს. ეს გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის დანერგვასაც, რაც თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარ პროგრესს თვალი ადევნოს.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სკოლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ინერგება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მთის რეგიონის 18 სკოლის სასწავლო პროგრამაში შევიდა სამხედრო საქმე, რომელსაც გაუძღვებიან სპეციალურად გადამზადებული თავდაცვის ოფიცრები.

- სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით რას გვეტყვით ახალს?

- ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სადაც ინფორმაცია მათი ასაკისთვის შესაბამისი ენით იქნება გამოცემული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გრიფირების პროცესს დაემატა ცალკე კრიტერიუმი – „მოსწავლეთა ასაკთან შესაბამისობა“, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ გრიფირების პროცესისთვის კონკურსის წესით შეირჩნენ რეცენზენტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს დამოუკიდებლად აფასებდნენ. შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები – დარგის მეცნიერები, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით. გარდა ამისა, იგეგმება I-IV კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც.

- რა გაკეთდა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით? არის თუ არა შემუშავებული განახლებული რეკომენდაციები სკოლებისთვის? როგორ იმოქმედებენ სკოლები კოვიდვითარების გაუარესების შემთხვევაში?

- კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში, სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად ვმართეთ პროცესი.

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის.

რაც შეეხება ეპიდვითარების შესაძლო გაუარესებას, 2 წელია დამოკიდებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს, ასე რომ სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს.

- ინფრასტრუქტურული მიმართულებით რა სიახლეებია? ახალ სასწავლო წელს თუ აშენდა ახალი სკოლა და რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია? ზოგიერთ სკოლაში რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სად ისწავლიან ასეთი სკოლების მოსწავლეები?

- გასულ წელს 200-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აშენდა ახალი სკოლებიც, თუმცა, სისტემაში გვაქვს 2 086 სკოლა და ეს ციფრი უკვე ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ საკითხებში გამოწვევები გვექნება. ეს საკითხი იყო ძალიან მაღალ დონეზე განხილული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მისი ინიციატივით იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

რაც შეეხება სკოლებს, რომლებშიც ნაწილობრივი ან სრული რეაბილიტაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს, ამ სკოლების მოსწავლეები არიან ალტერნატიულ ფართებში გადაყვანილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე ისინი სწავლას რიგ შემთხვევაში პირისპირ, ზოგ შემთხვევაში კი ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელებენ.

- როდის დაიწყება სკოლების ავტორიზაციის პროცესი?

- სკოლების ავტორიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ავტორიზაციის პროცესის დაწყებას წინ უძღოდა სკოლების თვითშეფასებისა და დიაგნოსტირების პროცესი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. შედეგად, 2 086 სკოლიდან 80%-ს დიაგნოსტიკური თვითშეფასება უკვე გავლილი აქვს. ეს პროცესი მოიცავს სკოლების მიერ საკუთარი გამოწვევებისა და პრობლემების შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ უზრუნველყო წამყვანი ექსპერტების ამ პროცესში ჩართულობა. სასიხარულოა, რომ 2022 წლის ბოლოს ყველა სკოლის თვითშეფასება გვექნება. შესაბამისად, მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა. 2026-2027 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე ავტორიზაციის პროცესი ყველა სკოლას გავლილი უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საავტორიზაციო განრიგში პირველ რიგში ჩასმული იქნება სტანდარტებთან მაღალი შესაბამისობის მქონე სკოლები. გეგმაში ის სკოლები იქნება ჩასმული, რომლებიც სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

- არის თუ არა რაიმე სიახლე უკრაინელი მოსწავლეებისთვის?

- უკრაინელ მოსწავლეებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლა მთელი წლის განმავლობაში სამივე საფეხურზე უკრაინელ ბავშვებს მშობლიურ ენაზე, უკრაინული კურიკულუმის მიხედვით ასწავლიდა. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულები იყვნენ უკრაინიდან დევნილი მასწავლებლები, რომლებიც შესაბამისი გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის საელჩოსა და უკრაინის განათლების სამინისტროსთან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელი მოსწავლეების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, სისტემამ უზრუნველყო ის, რომ 2 000-ზე მეტი ბავშვია უკვე ჩარიცხული არამხოლოდ 41-ე, არამედ თბილისის 220-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც შესაბამისი უკრაინული სექტორი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

უკრაინელი მოსწავლეების დიდი ნაწილი თბილისსა და ბათუმში სწავლობს, ამიტომ მივიღეთ ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გაფართოების გადაწყვეტილება. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით უკრაინელ ბავშვებს უკვე 4 სკოლა ემსახურება, ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილი არიან, მათ შორის, შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. სპეციალურად მათთვის სამინისტრომ უზრუნველყო ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდაც. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ეს მიდგომა წელსაც გაგრძელდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტ უკრაინელ მოსწავლეს მივცემთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

- არაქართულენოვანი სკოლების შესახებ რა სიახლე შეგიძლიათ გვითხრათ?

- არაქართულენოვანი სკოლების საკითხი არის ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ვახორციელებთ ბილინგვურ პროგრამას, რომელიც ძალიან პოპულარულია და შესაბამისად გვაქვს სერიოზული შედეგებიც. ეს პროგრამა სკოლებში ორენოვანი მასწავლებლების მივლინებას და მოსწავლეებისთვის მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ პროცესში ჩართული ექსპერტების რაოდენობა მიმდინარე წელსაც გაიზრდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს პირველად არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.