მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ბიბილოვის იმპიჩმენტის პროცედურა აამოქმედეს

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი

ე.წ სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ 14-მა წევრმა დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტი მოითხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

შესაბამისი წერილი „დეპუტატებმა“ ე.წ. სპიკერის, ალან თადთაევის სახელზე გააგზავნეს. ისინი ბიბილოვს „კონსტიტუციის“ დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც „საფრთხეს უქმნის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას“.  დოკუმენტში საუბარია სოფელ წნელისში ქართული ბლოკსაგუშაგოს განთავსებაზე.

„პირველად 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთმა თავის ტერიტორიაზე ქართული შეიარაღებული ფორმირებების განთავსება დაუშვა და საკუთარი ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი დაკარგა, რომელიც მდიდარია წიაღისეულით“, - აცხადებენ ე.წ. დეპუტატები.

მანამდე ოპოზიციონერი პარლამენტარები აცხადებენ, რომ 2019 წელს ბიბილოვმა საქართველოს კინაღამ აჩუქა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრი. ისინი არ ეთანხმებიან ბიბილოვის მოსაზრებას, რომ 1922 წლის დეკრეტის მიხედვით, სოფლები გუჯაბაური, არცევი და ორჭოსანი საქართველოს შემადგენლობაში შეიძლება აღმოჩნდნენ.

„ის რაც ბიბილოვმა ჩაიდინა, სულ მცირე იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა“, - აცხადებენ დე ფაქტო პარლამენტის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში უნდა გაიმართოს. ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ის „პრეზიდენტად“ კენჭისყრას მეორე ვადით აპირებს.