
Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ რუსებმა შორეული აღმოსავლეთის სარეზერვო ბაზიდან T-54/55 ოჯახის საბჭოთა ტანკების გადაყვანა დაიწყეს.
CIT შორეული აღმოსავლეთიდან ზემოაღნიშნული სამხედრო ტექნიკის გადამზიდავი ეშელონის ფოტოებიც მოიპოვა.
როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ T-62 ტიპის ტანკების ფრონტის ხაზზე გაგზავნისა და გამოყენების ფაქტები ზაფხულიდან დაფიქსირდა, თუმცა ეს, T-54/55-ის საწყობიდან გამოყვანა პირველი შემთხვევაა.
ბაზის სატელიტური სურათების გაანალიზებისას, ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში მინიმუმ 191 ტანკმა (სავარაუდოდ, ძირითადად T-62 ტიპის ტანკები) დატოვა ბაზა. თუმცა, როგორც CIT-ში აღნიშნავენ, სინამდვილეში ეს რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის სამსახურის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 3 557 ერთეული ტანკი დაკარგეს.