მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5G თვითმფრინავებისთვის საშიშია - ამერიკული ავიაკომპანიები

ავიაკომპანიები 5G-ს წინააღმდეგ

აშშ-ის ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5G ინტერნეტის საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ სერვისის ამოქმედებამ შეიძლება რეისების სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ Verizon და AT&T 5G სერვისის ამოქმედებამ, რაც 19 იანვრისთვის იგეგმება, შეიძლება თვიმფრინავების სანავიგაციო სისტემების მუშაობას პრობლემები შეუქმნას. 

American Airlines-მა, Delta Air Lines-მა და United Airlines-მა გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, რათა არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის და ტვირთების, მათ შორის სამედიცინო დანიშნულების მასალების გადაზიდვის შეფერხება“. 

კომპანიები Boeing და Airbus მოითხოვენ, რომ 5G ინტერნეტი არ ვრცელდებოდეს აეროპორტების და ასაფრენი ბილიკების ტერიტორიიდან 2 მილის რადიუსში. ავიალაინერების უმსხვილესი მწარმოებლები, ასევე, აცხადებენ, რომ არსებობს უამრავი თვითმფრინავი, რომელიც 5G ტექნოლოგიების ამოქმედების შემდეგ უბრალოდ ვეღარ იფრენს.

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საუბარია სიმაღლის რადიოსალოკაციო გამზომის მუშაობის შესაძლო შეფერხებაზე, რისი შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს. 

თავის მხრივ, ტელესაკომუნიკაციო კომპანიები აცხადებენ, რომ მათ 5G ინტერნეტის სისტემებზე მილიარდობით დოლარი დახარჯეს და ის მომხმარებლებს ბევრად უფრო სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს. უსადენო კავშირის ჯგუფი CTIA აცხადებს, რომ  5G სრულიად უსაფრთხოა და მან საავიაციო ინდუსტრია ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებაში დაადანაშაულა. მობილური და ინტერნეტ-კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი სისტემების ამოქმედების 1 წლით გადადების შემთხვევაში დარგი 50 მლრდ აშშ დოლარის ზარალს მიიღებს.