მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლია. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„ამ ფორმატის ფარგლებში მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის წინ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ. ამის შედეგად ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და არსებული პრობლემების გადაჭრის მეტი საშუალება იქნებოდა“, - ამბობს ლავროვი. 

ლავროვმა გაიხსენა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დღეს ურთიერთობები მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარეობს.

„«3+3» ფორმატის ფარგლებში დაწყებული პროცესები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ის მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივებს ეხება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პროცესში საქართველოს ჩართვა მას არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს, რაც თბილისის პოლიტიკურ პოზიციას ეხება.

„3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატორები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყვნენ. მასში აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და საქართველო უნდა შესულიყვნენ. თბილისი ფორმატში მონაწილეობისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ - სერგეი ლავროვი

🔴  სომხეთი და თურქეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ

🔴  სომხეთის სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი დატოვეს