მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვიამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მიგრანტების მოზღვავების გამო ლატვიამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC იუწყება.

რიგის გადაწყვეტილებით, არალეგალურ მიგრანტებს ქვეყნიდან იძულებით გააძევებენ. საგანგებო მდგომარეობა 11 აგვისტოდან 3 თვით გამოცხადდა. სპეციალური რეჟიმი სამ მოსაზღვრე რაიონში და ქალაქ დაუგავპილსში გამოცხადდა.

„საზღვრის არალეგალური გადაკვეთის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სასაზღვრო სამსახურს შეუძლია ძალის გამოყენებით ეს პირი იმ ქვეყანაში დააბრუნოს, საიდანაც მან სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა“ - წერია ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებაში.

ლატვია და მეზობელი ლიეტუვა ბელარუსის მთავრობას იმაში ადანაშაულებს, რომ არალეგალურ მიგრანტებს იქ სპეციალურად უშვებს. ევროკავშირი ამას ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ წარმოებულ „ჰიბრიდულ ომს" უწოდებს. ბოლო დღე-ღამეში ბელარუს-ლატვიის საზღვარზე 200 არალეგალი დააკავეს. მათი უმეტესობა ერაყიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან არის. ლატვიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის გუნტას პუიატსის განცხადებით, არალეგალური მიგრანტები კარგად არიან ორგანიზებულები, ძირითადად საუბარი ახალგაზრდა კაცებზე, ქალებზე და ბავშვებზე, რომლებიც დიდი ჯგუფებით მოქმედებენ. პუიატსი ამბობს, რომ ბევრმა მათგანმა არც კი იცის სად იმყოფება და ჰგონია, რომ გერმანიაში ჩავიდა.

რაც შეეხება ლიეტუვას, მან მიგრანტების იძულების წესით გაძევება ერთი კვირის წინ დაიწყო. 2021 წლის განმავლობაში საზღვარზე 4 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტია დაკავებული. ლიეტუვას Frontex-ის დამატებითი ძალები გაუგზავნა, რათა ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს.