მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიხუანის მოხმარება სამკურნალოა თუ საზიანო? - DW

მარიხუანა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია. Deutche Welle მარიხუანის მოხმარების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს. 

„შესანიშნავი სექსი და კორონავირუსისგან დაცვა, ერთი მხრივ. ყურადღების გაფანტვა და ჯანმრთელობისთვის ზარალი - გრძელვადიან პერსპექტივაში, მეორე მხრივ“, - მეცნიერები კანაფის მოხმარების შესახებ ბოლო დასკვნებს აქვეყნებენ. 

ჰაშიში, მარიხუანა, კანაფი - ამ მცენარეებს მედიცინაში და საფეიქრო მრეწველობაში გამოიყენებენ, ასევე სტრესის მოსახსნელად მოიხმარენ. კამათი იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაითვალოს თუ არა კანაფი მსუბუქ ნარკოტიკად, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში კანონის მიხედვით პირადი ან სამედიცინო მიზნებში კანაფის გამოყენება ნებადართულია. უახლოეს მომავალში მარიხუანის ლეგალიზება, შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. 

შესანიშნავი სექსი და COVID 19-სგან დაცვა

ესპანეთის ალმერიის უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, იმ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, უმჯობესდება სექსუალური ფუნქცია და ისინი უფრო ძლიერ ორგაზმს განიცდიან. მოხსენების ავტორთა აზრით, მარიხუანის ზეგავლენის შემდეგ ადამიანი საკუთარ თავს უფრო თავისუფლად გრძნობს და მისთვის შიში და მორცხვობა მეორე პლანზე გადადის. ამ შემთხვევაში კი სექსი უკეთესია.

2022 წლის იანვარში აშშ-ის ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რეკომენდაცია გამოაქვეყნეს, რომ პრეპარატები, რომლებიც კანაბინოიდებს შეიცავს, COVID 19-ის მკურნალობისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს. მათი დაკვირვებით, კანაბისის მჟავები CBGA და CBDA სპაიკ-ცილას უკავშირდება და ადამიანი უჯრედში SARS-CoV-2-ის შეღწევას აფერხებს. ექსპერტები ამბობენ, რომ არც ერთი ეს მჟავა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას არ წარმოადგენს. 

მეცნიერებმა კვლევები ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს, ადამიანზე ცდები არ ჩატარებულა. კვლევების ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის მკურნალობისას კანაფის გამოყენება არ შეიძლება. აქ საუბარია მის ბაზაზე შესაბამისი სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე. მაგ. მარიხუანის მოწევის დროს ადრე ნახსენები მჟავები ნეიტრალურ ნივთიერებად გადაიქცევა და ის ვირუსის სპაიკ-ცილის წინააღმდეგ არაეფექტიანია.

ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პრობლემები

კანაფის მოხმარების ნეგატიური შედეგია გრძელვადიანი კოგნიტიური დარღვევები. ეს, ძირითადად, ახალგაზრდებში ფიქსირდება, რომელთა ტვინი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამაზე კანადელი მეცნიერების კვლევები მიუთითებს, რომლებიც ჟურნალ Addiction-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 43 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. დასკვნა შემდეგია - კანაფით ინტოქსიკაცია მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის კოგნიტიურ დარღვევებს იწვევს. ეს იმ სიტუაციებში გამოიხატება, როდესაც ადამიანმა რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დაფაროს არასასურველი რეაქცია, ან სასწავლო მასალა აითვისოს.

„მოზარდების მიერ კანაფის მოხმარება განათლების დონის დაწევას იწვევს, ხოლო ზრდასრულ ადამიანებში ეს მუშაობის დროს გართულებებს და ავტომობილის ტარების დროს პრობლემებს გამოიწვევს. მარიხუანის მუდმივი მოხმარების ან დიდი დოზების მოხმარების შემთხვევაში შედეგები კიდევ უარესი იქნება“, - ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე დუმაი.

ზიანი ახალგაზრდების ტვინისთვის

კანაფი ახალგაზრდების ტვინს აზიანებს, რადგანაც ტვინის ფორმირება 25 წლისთვის სრულდება. კვლევებმა დაადგინა, რომ იმ ადამიანებს, ვინც მარიხუანას მოიხმარს, თავის ტვინის ქერქი უფრო წვრილი აქვთ, ვიდრე კვლევის მონაწილეებს, ვინც კანაფს არ მოიხმარს. 

800 ადამიანის თავის ტვინის შესწავლისას დადგინდა, რომ მარიხუანის ხშირი მოხმარება თავის ტვინის იმ ნაწილს აზიანებს, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსების კონტროლზე, პრობლემების მოგვარებასა და მოქმედებების დაგეგმვაზე.

კანაფის აქტიურმა გამოყენებამ შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს. ესეც ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ემუქრება. ევროპის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა - ვინც მარიხუანას ყოველდღე ეწევა, ფსიქოტიურ მდგომარეობაში მათი მოხვედრის რისკი სამჯერ მეტია, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც კანაფს არ ეწევა.

რისკების მიუხედავად, რაც მარიხუანის მოხმარებასთან არის დაკავშირებული, ის ახალგაზრდებს შორის ყველაზე პოპულარულ მსუბუქ ნარკოტიკს წარმოადგენს. მსოფლიოში ამ საკითხზე დისკუსია სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, პარალელურად კი კანაფის მოხმარება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. 

ამავე თემაზე:

🔴 მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის - CNN

🔴 მარიხუანის მოყვანა და მოხმარება სახლის პირობებში ლუქსემბურგში ლეგალური გახდება

🔴 მარიხუანის მოხმარება ინფარქტის რისკს ზრდის - კვლევა