მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლექსიტი“ - პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელი შეურჩიეს

პოლექსიტი

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უფრო მაღლა დგას, უკვე უწოდეს პოლექსიტი. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზოგიერთი ხელშეკრულება და სასამართლო გადაწყვეტილება პოლონეთის უმაღლეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

Democracy Reporting-ის კოორდინატორი იაკუბ იარაჩევსკი ამ ფაქტს „უპრეცედენტოს“ და პოლონეთის კანონმდებლობის კრიზისის ესკალაციას უწოდებს.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ორგანიზაციის სამართლის უზენაესობა არის ევროკავშირის საერთო მართლწესრიგის ერთ-ერთი მთავარი არსი. მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა“ - განაცხადა იარაჩევსკიმ.

მიდლსექსის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის პროფესორი ლორან პეჩი ამ გადაწყვეტილებას „ევროკავშირის მართლწესრიგზე განხორციელებულ ბირთვულ შეტევას უწოდებს“.

„როდესაც გამოქვეყნდება ესა თუ ის განაჩენი, პოლონელ მოსამართლეებს მოუწევთ გადაწყვიტონ, დაარღვიონ თუ არა ევროკავშირის კანონები ან არ დაემორჩილონ ქვეყნის კონსტიტუციას. ასე რომ თუ ისინი ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობით იმოქმედებენ, ამ მოსამართლეების წინააღმდეგ შეძლება დისციპლინარული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გათვალისწინებული მოქმედებები განხორციელდეს.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბრიუსელში მწვავე კრიტიკა გამოიწვია, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ვარშავა შეიძლება საპასუხო ზომებს ელოდოს.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვარშავასა და ბრიუსელს შორის დავა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. როდესაც ქვეყანაში არჩევნებში მემარჯვენე „სამართლის და სამართლიანობის" პარტიამ გაიმარჯვა. მას არაერთხელ ადანაშაულებდნენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის მცდელობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლაში, ასევე შეიქმნა დისციპლინარული პალატა, რომელსაც მოსამართლეთა და პროკურორების დისციპლინარული დასჯა შეუძლია.

მიმდინარე წლის მარტში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთში მიღებული ახალი წესები შეიძლება ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევდეს, რომელსაც უპირატესი სამართლის ძალა აქვს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებას ახალ წესებზე უარს და სასამართლოს დამოუკიდებლობას ავალდებულებდა.

ამის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონის უზენაესობის საკითხის გადახედვის ინიციატივით მიმართა.

რაც შეეხება ევროკავშირს, მას შეუძლია ვარშავაზე როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური და იურიდიული ზეწოლა განახორციელოს. ასე, მაგალითად, ბრიუსელს შეუძლია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მხარდაჭერის პროგრამა არ დააფინანსოს 1 მლრდ ევროს ოდენობით და მომავალ, 57 მლრდ-იან პროგრამებზეც უარი თქვას.