მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი სთავაზობს აშშ-ს, ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარი თქვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს, აშშ-ს და ნატოს შორის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ ხელშეკრულების პროექტი გამოაქვეყნა. ამის თაობაზე iz.ru იუწყება. 

მოსკოვის პროექტის მიხედვით, ნატო ალიანსში უკრაინის მიღებაზე და ორგანიზაციის მომავალ გაფართოებაზე უარს აცხადებს. აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და ალიანსში იმ სახელმწიფოებს არ მიიღებს, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ.

ალიანსი, ასევე, უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უარს ამბობს.

რუსეთი და ნატო პირობას დებენ, რომ არ შექმნიან პირობებს, რომლებიც მეორე მხარის მიერ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საფრთხე. ასევე, მხარეები აცხადებენ, რომ ისინი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად აღარ განიხილავენ. ხელშეკრულების მონაწილეები ამყარებენ დიალოგს და ზღვასა და საჰაერო სივრცეში ინციდენტების პრევენციას უზრუნველყოფენ. 

ასევე, მხარეები საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების განთავსებაზე უარს ამბობენ იმ რაიონებში, საიდანაც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიის განადგურებაა შესაძლებელი.

როგორც „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა, მოსკოვი ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხის დასმასაც კი უარყოფს.

მისივე თქმით, რუსეთი ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვით საქართველო და უკრაინას ნატოს წევრები გახდებიან. ამასთანავე დიპლომატი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან დიალოგისკენ მზაობა არ არის.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის მიღების შემთხვევაში იქ შეიძლება განთავსდეს იარაღი, რომელიც რუსეთს დაემუქრება.