მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ გოზმანი

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ გოზმანმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინასთან ომს დღესვე დაიწყებდა, მაგრამ მას რუსეთის ჯარში შესაძლო მსხვერპლი და ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტი აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform.ru ავრცელებს. 

„პუტინი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მას სხვა ადამიანების აზრი საერთოდ არ აინტერესებს. თუ ომი დაიწყო, რუსული პროპაგანდა არ იტყვის, რომ ჩვენ უკრაინას და უკრაინელებს ვებრძვით. იტყვის, რომ ომი მიდის აშშ-სთან, ნატოსთან. მოიფიქრებენ, თითქოს ამერიკამ უკრაინაში ქიმიური იარაღი ან რამე მსგავსი შეიტანა. ასე რომ ომის გამოცხადება სავსებით რეალურია“, - განაცხადა გოზმანმა. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს უკრაინა არ უყვარს, რადგანაც პროპაგანდამ თავისი გააკეთა, მაგრამ რუსეთის უბრალო მოქალაქეს უკრაინასთან ომი არ სურს.

„რუსეთის ხელისუფლებას სურს ნატოსთან დაპირისპირება და ამისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება. რაც პუტინს აშინებს, ეს არის დიდი მსხვერპლი. ეს ჰუმანურობით არ არის გამოწვეული. თუ მისი ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, ადამიანები ამას არ აპატიებენ. ამიტომ პუტინი ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ უკრაინულ ჯარს მარტივად გაანადგურებს, დიდი მსხვერპლის და დანაკარგის გარეშე.  თუ იქნება მსხვერპლი, ეს არ ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვა, ახლა რუსეთში ოპოზიცია განადგურებულია და ნებისმიერი აქციის მონაწილეს ციხეში სვამენ, მაგრამ იქნება ყრუ პროტესტი. უბრალო ადამიანებს ომი არ სურთ“, - ამბობს პოლიტიკოსი. 

მისი თქმით, როდესაც დონბასში 2014 წელს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, მოსკოვი ყველანაირად ცდილობდა, რომ იქ დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაცია დაემალა.

„ოჯახებს ქრთამავდნენ, ფულს აძლევდნენ, რომ გაჩუმებულიყვნენ, დაღუპულ სამხედროებს კი უსახელო საფლავებში კრძალავდნენ. საშინელი რამე ხდებოდა. სწორედ იმიტომ ხდებოდა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის ეშინია“, - ამბობს გოზმანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დღევანდელი კონფლიქტური სიტუაცია სულაც არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ უკრაინას ნატოში შესვლა სურს.

„პრობლემა ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, არ აღიარებს. თქვენ მათთვის არ არსებობთ. მოსკოვი ღიად საუბრობს რაღაცა „უპატრონო“ ტერიტორიებზე რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. თქვენც, მათი აზრით, ასეთ ტერიტორიას წარმოადგენთ. რუსეთის ხელისუფლება ფაქტობრივად თქვენგან მოითხოვს, რომ დამოუკიდებლობაზე უარი თქვათ და ვასალის სტატუსს დაუბრუნდეთ. ასე რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და დამშვიდების შესაძლებლობას არ გვაძლევს“, - ამბობს ვლადიმერ გოზმანი.

ცნობისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ბოლო დღეებში ნატო-რუსეთს და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა. შეხვედრებზე არანაირი კონკრეტული შეთანხმებები მიღწეული არ ყოფილა.

იხილეთ ასევე:

🔴  საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს პუტინი, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 „თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს

🔴„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება“ - ბაიდენი

🔴 აშშ-მა ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნის უფლება მისცა - Reuters