პოლიტიკა

„უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1643197092
დაკოპირებულია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.

„მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები.

პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო.

აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა.

ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცველების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC