მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გუდაურში შეხვედრა გაიმართა

ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გუდაურში შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ.

შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას დაესწრო მცხეთა-მთიანეთის  მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერები, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნესასოციაციისა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების  წარმომადგენლები.

„იმისთვის, რომ სეზონს მომზადებულები შევხვდეთ, საჭიროა ყველა უწყებამ კოორდინირებულად ვიმუშაოთ. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. უწყებათა შორის ფუნქცია-მოვალეობები კარგად არის განაწილებული, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ზამთრის 2022-2023 წლის სეზონს ღირსეულად შევხვდებით“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

„მოხარულები ვართ, რომ ბიზნესასოციაციის ფორმატში მოხერხდა კურორტზე მოქმედ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა. ზედმიწევნით მოისმინა ორივე მხარემ გამოწვევები, გავცვალეთ საინტერესო  იდეები. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოკლე ხანში გამოიღებს თავის შედეგს“, - განაცხადა მთის კურორტების ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გეგა სალუქვაძემ.

„ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა გუდაურში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაბამისი უწყება, რომელიც უშუალოდ ჩართულია კურორტის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში. მოვისმინეთ მათი გამოწვევები და საჭიროებები. აგრეთვე,  მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც გადაჭრილია და უკვე  ნამუშევარი აქვს სახელმწიფო უწყებებს. გამოწვევებსა და საჭიროებებზე კვლავ გაგრძელდება მუშაობა და მომავალშიც გაიმართება მსგავსი სახის შეხვედრები, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა სწორად იფუნქციონიროს“, - განაცხადა  მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.