მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლუბის თანამშრომელი, რომელმაც გერმანელ ტურისტს კათხა ლუდში 950 ლარი გადაახდევინა, დაკავებულია

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ.იძულების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა - ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ინფორმაციისთვის, გერმანელი ტურისტი თბილისში ერთ-ერთი ბარის მეპატრონეს თაღლითობასა და გაქურდვაში ადანაშაულებს.

დაზარალებულის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის ბარში ლუდის დასალევად შევიდა, რომელშიც 950 ლარი გადაახდევინეს.

„ამ დაწესებულებაში ერთი 12-ლარიანი ლუდი შევუკვეთე, ჩემ გვერდით იჯდა ქალი, რომელმაც შამპანური შეუკვეთა. რომ დავლიე ლუდი. მალევე მომინდა წასვლა იქიდან, იმიტომ, რომ ადგილი არ მომეწონა, ძალიან ჩაბნელებული და საეჭვო იყო. ამ დროს ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, რომ ფული უნდა გადამეხადა, მომიტანა ანგარიში. დავინახე, რომ 950 ლარი ეწერა, ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთი ლუდი დავლიე, მან კი მიპასუხა, რომ ჩემ გვერდით ქალმა შამპანურიც დალია. ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთი ლუდი დავლიე და მხოლოდ ამ ლუდის ფულს გადავიხდიდი. ის გაბრაზდა და მითხრა წამომყევიო. წამიყვანა ოთახში და მითხრა, უნდა გადაიხადოო, მე ვუთხარი, რომ 50 ლარზე მეტი არ მაქვს ჯიბეში-მეთქი, ამის შემდეგ მან ხელი მკრა და ყვირილი დამიწყო, თან ხელში ტერმინალი ეკავა, მითხრა ამოიღე საფულეო, წამართვა საბანკო ბარათი, მოხსნა 950 ლარი, და ჯიბეში რომ 50 ლარი მქონდა ისიც წამართვა. მითხრა ესეც ჩემი ფულია ახლაო“, - ჰყვება გერმანელი ტურისტი.