მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით გათავისუფლებულმა ექიმებმა კლინიკას სასამართლო დავა მოუგეს

იმედი

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმების მიერ კლინიკა „იმედის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რეანიმატოლოგი გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აფციაური კლინიკა „იმედისგან“ სამსახურიდან გათავისუფლების გამო, კომპენსაციის სახით 114 000 ლარზე მეტს მიიღებს, რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ექიმი ვიოლეტა ინასარიძე კლინიკისგან კომპენსაციას და იძულებითი განაცდურის თანხას მიიღებს. ჯამში კლინიკას მისთვის 2 400 ლარის გადახდა მოუწევს. მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა ვიოლეტა ინასარიძის სასარჩელო მოთხოვნებიდან ყველა დააკმაყოფილა, სამსახურში აღდგენის ნაწილის გარდა. 

კლინიკა „იმედს“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 14 დღის განმავლობაში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

კლინიკა „იმედმა“ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურიდან 2 ექიმი ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური 2021 წლის 30 ივნისს გაათავისუფლა.