მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„40-მდე დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე“ - სამხარაულის ბიუროს დასკვნა 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე

12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად შედეგებს ასაჯაროებს. ორგანიზაციის იურისტის ელისო რუხაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მრავლობითი დაზიანებები თითქმის მთელს სხეულზე, რაც სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებში გამოიხატება და ბავშვს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აქვს მიყენებული. 

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები არის მრავლობითი, არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს, ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობის დაზიანება, ასევე არის ფეხის, ზურგის და თითქმის მთელი სხეულის როგორც წვრილი, მრავლობითი დაზიანებები, ასევე საკმაოდ დიდი მოცულობის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ორი ტერმინი აქვს გამოყენებული - ეს არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული“, - განუცხადა ელისო რუხაძემ tv პირველს.

ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქმეში კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება იკვეთება. 

„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის. ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია. ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, - ნათქვამია „უფლებები საქართველოს“  FACEBOOK გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.