მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყველაზე მეტად გრიპის ორი ტიპი ცირკულირებს, ეს არის H3N2 და H1N1. 

ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ არცერთი არ არის ახალი ვირუსი. 

„წინა წლებთან შედარებით წელს ბევრი რესპირატორული ინფექციაა, ცირკულირებს რამდენიმე ვირუსი, ძირითადად ყველაზე მეტად აქტუალურია ის სიმპტომები, როგორიც არის ძლიერი სისუსტე, მაღალი ცხელება, დამახასიათებელია ყველაზე მეტად გრიპის ვირუსისთვის. 

ყველაზე მეტად რაც ახლა ცირკულირებს, ეს არის H3N2 და H1N1. არც ერთი არ არის ახალი ვირუსი, ისინი წინა წლებშიც იყო, უბრალოდ კოვიდპანდემიის პერიოდში გრიპის შემთხვევები და სხვა რესპირატორული ინფექციების ბევრად ცოტა იყო. 

ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები იყო, რის გამოც ეს რესპირატორული ინფექციები ასე იოლად ვერ ვრცელდებოდა, მაგრამ წინა წლებში პანდემიამდელ პერიოდში გრიპის ეპიდაფეთქებები პერიოდულად იყო. წელს არის შედარებით მეტი და შესაბამისად, უფრო მეტია პაციენტი“, - აღნიშნა გოგინავამ. 

რაც შეეხება პირბადეს, ექიმის თქმით, პირბადის ტარება მხოლოდ კოვიდპანდემიის დროს მოგონილი ფენომენი არ არის. 

მისივე თქმით, გრიპიც და სხვა რესპირატორული ინფექციებიც ზუსტად ვრცელდება იგივე გზით როგორც ვრცელდებოდა კოვიდ-19.

„პირბადე არ არის კოვიდპანდემიის დროს მოგონილი ფენომენი, ის მანამდეც იყო და იმისთვის არსებობს რომ განსაკუთრებით დახურულ სივრცეში თუ სიმპტომები გვაქვს აუცილებლად გამოვიყენოთ, რათა არ გავხდეთ დაავადების გავრცელების წყარო.

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ და ავიღოთ ის პასუხისმგებლობა რომ თუ სიმპტომები გვაქვს არ მივიდეთ ხალხმრავალ ადგილას. გრიპიც და სხვა რესპირატორული ინფექციებიც ზუსტად ვრცელდება იგივე გზით როგორც ვრცელდებოდა კოვიდ-19. ასე რომ იმ ზოგად რეკომენდაციებს, რომელსაც კოვიდ დროსაც ვიყენებდით, ზედმიწევნით დავიცავთ, ამით ხელს შევუწყობთ ვირუსის არგავრცელებას“, - თქვა გოგინავამ. 

ამასთან, ინფექციონისტმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვაქცინის გასაკეთებლად იდეალური დრო შემოდგომა იყო, თუმცა არც ახლა არის გვიან. 

„ყველაზე მეტად საყურადღებო რესპირატორული ინფექცია  მაინც არის გრიპი. ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, მაინც გრიპის გადატანის შემდეგ აქვს ადამიანს. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი წელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. აქედან გამომდინარე გრიპის სეზონური ვაქცინაციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ყველაზე კარგი პერიოდი იყო რომ ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაცია ჩაეტარებინა შემოდგომაზე ანუ ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე. ეს იყო იდეალური დრო რომ შედარებით მზად შევხვედროდით ამ შემთხვევების მატებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ვაქცინაცია ჩაეტარებინა იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვს. გრიპია სამწუხაროდ, საშიშია იმ ადამიანებისთვის უფრო, ვისაც აქვს იმუნოდეფიციტი, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ასევე საშიშია მცირეწლოვნებშიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების ეს სეგმენტი სრულყოფილად მაინც იყოს ვაქცინირებული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროს არის დაგვიანებული, ახლაც კარგი იქნება თუ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად თუ ჩაერთვება ამ პროცესში, მაგრამ იდეალური ვარიანტი იყო შემოდგომა“, - ამბობს გოგინავა. 

რაც შეეხება ვირუსის ე.წ. შემობრუნების ფაქტებს, გოგინავას თქმით, ამის თეორიული შანსები არსებობს. 

ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთ დროს მიზანშეწონილი არ არის ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება. 

„იქიდან გამომდინარე რომ გრიპის გარდა სხვა რესპირატორული ინფექციები ცირკულირებენ, მათ შორის კოვიდი და სხვა დაავადებები, არის თეორიული შანსი, რომ ადამიანმა ერთხელ გადაიტანოს და რამდენიმე დღეში მეორედ დაინფიცირდეს სხვა ვირუსითაც. ასევე არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი გარკვეულწილად უმჯობესდება პირობითად 3-4 დღის შემდეგ და შემდეგ ისევ უგრძელდება სიმპტომები როგორიც არის ტემპერატურა, ხველა და ასე შემდეგ. 

თუ არის ე.წ. შებრუნება მაშინ ადამიანმა უნდა იფიქროს ორ რამეზე ხომ არ არის რაიმე ბაქტერიული გართულება. ამასთან, თვითნებურად ანტიბიოტიკის მიღება არ არის მიზანშეწონილი და აუცილებელია ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი იმისთვის რომ დიფერენცირება მოხდეს. 

თუ გვაქვს 5 დღეზე მეტ ხანს გახანგრძლივებული ცხელება ან სიმპტომების პროგრესირება აუცილებელია ექიმს მივმართოთ, ჩავიტაროთ შესაბამისი კვლევები ეს იქნება სისხლის საერთო, ცერეაქტიული თუ რენტგენი, რასაც ექიმი საჭიროდ ჩათვლის“, - დასძინა ალექსანდრე გოგინავამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

🔴 ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე