მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეტი ვიდრე, უბრალოდ წყალი“ - ბათუმში წყლის დღე აღნიშნეს

ბათუმში წყლის დღე აღნიშნეს

„მეტი ვიდრე, უბრალოდ წყალი“ - ამ სახელწოდებით ბათუმის ცენტრალურ პარკში სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ღონისძიება გაიმართა.

ცენტრალურ პარკში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებს ცდებისთვის სპეციალური კუთხე ჰქონდათ მოწყობილი და მოსწავლეები ადგილზე სხვადასხვა ნიმუშს იკვლევდნენ.

მოსწავლეები მანამდე ბათუმის წყლის ლაბორატორიაში წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებს გაეცნენ.

ბათუმის წყლის ინფორმაციით, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტების პრეზენტაციები თემებზე: წყალი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წყლის რესურსების დაზოგვა და მოფრთხილება გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, „ბათუმის წყალი“ ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლმხედველობა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ“, - განაცხადა ალექსანდრე მჟავანაძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას. გარემოს ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ბოლო პერიოდში, მონიტორინგის ქსელი სულ უფრო მეტად ფართოვდება.