მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

მაიმუნის ვირუსი - მაიმუნის ჩუტყვავილა Pia.ge

რა ვიცით მაიმუნის ვირუსის შესახებ? როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება? რა არის მაიმუნის ჩუტყვავილას სიმპტომები? არის თუ არა ვირუსი განკურნებადი და იწვევს თუ არა მაიმუნით ინფიცირება ადამიანის სიკვდილს? - სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გაეცნობით.

ბოლო დღეებში მაიმუნის ვირუსზე (იგივე მაიმუნის ჩუტყვავილა) მსოფლიოს წამყვანი ინფექციონისტები ბევრს საუბრობენ. სპეციალისტებში აღნიშნული ვირუსი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მაიმუნის ვირუსი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს.

იშვიათი და პოტენციურად საშიში „მაიმუნის ვირუსის“ შემთხვევა შეერთებულ შტატებში დადასტურდა მას შემდეგ, რაც დაინფიცირების შემთხვევები მთელ ევროპაში დაფიქსირდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებული მამაკაცი ცოტა ხნის წინ გაემგზავრა კანადაში და ახლა საავადმყოფოში მკურნალობს. ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემთხვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მანამდე მაიმუნის ჩუტყვავილას შვიდი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, სხვები პორტუგალიასა და ესპანეთში დადასტურდა. 

რა არის მაიმუნის ჩუტყვავილა?

მაიმუნის ვირუსი იშვიათი, ჩვეულებრივ მსუბუქი ინფექციაა. ის პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში. ადამიანებში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1970 წელს. დაავადება იწვევს გამონაყარს, რომელიც ხშირად ვრცელდება სახეზე.

როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება?

„მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებული ცხოველის ნაკბენით, ან მის სისხლთან და ბეწვთან შეხებით. მიიჩნევა, რომ მას ავრცელებენ მღრღნელები, როგორიცაა ვირთხები, თაგვები და ციყვები. ასევე ინფიცირება შესაძლებელია დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამით, რომელიც არასწორად არის მოხარშული.

ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი ძალიან იშვიათად ვრცელდება, თუმცა, ამ შემთხვევაში მაიმუნის ვირუსის გადადება შესაძლებელია გამონაყარის მქონე პირის მიერ გამოყენებული ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის ან პირსახოცების შეხებით. დაინფიცირება, ასევე, შესაძლებელია მაშინ, როცა დაავადებული ადამიანის მიერ დახველებისა და ცემინების დროს მასთან ახლოს იმყოფებით. 

რა არის მაიმუნის ჩუტყვავილას სიმპტომები?

თუ მაიმუნის ყვავილით დაინფიცირდებით, პირველი სიმპტომების გამოვლენას ჩვეულებრივ 5-დან 21 დღემდე სჭირდება. ესენია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ჯირკვლების შეშუპება, კანკალი და დაღლილობა.

გამონაყარი ჩვეულებრივ ჩნდება ამ სიმპტომების გამოვლენიდან 1-დან 5 დღეში და ორ-ოთხ კვირაში ქრება. 

შეიძლება, რომ მაიმუნის ჩუტყვავილამ მოგვკლას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული კვლევები, სადაც ადამიანებს ნაკლები წვდომა აქვთ ხარისხიან ჯანდაცვაზე, აჩვენებს, რომ დაავადება სტატისტიკურად ათი ინფიცირებული ადამიანიდან ერთს კლავს. 

არის თუ არა ვირუსი განკურნებადი? 

ამჟამად „მაიმუნის ვირუსის“ სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. პაციენტებს, როგორც წესი, სჭირდებათ სპეციალიზებულ საავადმყოფოში ყოფნა, რათა ზოგად სიმპტომებს გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა და არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. 

ამავე თემაზე:

🔴  „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

🔴 „მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები