მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყატარი-2022“, რა უნდა ვიცოდეთ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ - DW

ჩემპიონატი ყატარში
1668865099
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 20 ნოემბერს ყატარში იწყება, პირველად ტარდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში და ის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება. რატომ ტარდება ჩემპიონატი შემოდგომა - ზამთარში და რა ელით ფანებს არაბულ ქვეყანაში? ჩემპიონატი ეკვადორის და ყატარის ნაკრებების შეხვედრით იწყება. რაშია ამ მსოფლიო პირველობის თავისებურება და რატომ ისმოდა ხშირად მოწოდებები სხვა ქვეყანაში ჩემპიონატის გადატანის შესახებ?  Deutche Welle ამაზე სტატიას აქვეყნებს.  

2022 წლის ჩემპიონატის თავისებურება

ჩემპიონატი პირველად ტარდება არაბულ ქვეყანაში. ის პირველად ტარდება შემოდგომა-ზამთარში. ზაფხულში ყატარში საშუალო ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს და ეს ღია სტადიონებზე მატჩის ჩასატარებლად იდეალური პირობები ნამდვილად არ არის.

რამდენი გუნდი მონაწილეობს?

ეს ბოლო ჩემპიონატი იქნება, სადაც 32 გუნდი მონაწილეობს. მომდევნო პირველობა, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, უკვე 48 საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

რომელ სტადიონებზე ჩატარდება ჩემპიონატი?

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს ლუსაილეს სტადიონზე გაიმართება, რომელიც  80 ათას მაყურებელზეა გათვლილი. საერთო ჯამში თამაშები 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება, რომელთა შორის 7 სტადიონი ნულიდან, სპეციალურად ტურნირისთვის იყო აშენებული.

პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს უკვე ყველა სტადიონი აშენებული იყო და თამაშების ჩასატარებლად მზად იყო. 

ყველა არენაზე დამონტაჟებულია ჰაერის გაგრილების სისტემები, რომლის წყალობით შესაძლებელია სტადიონზე 27 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურის შენარჩუნება.

ტურნირის დასრულების შემდეგ სტადიონების ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ხოლო „სტადიონს -974“, რომელიც დოჰას პორტთან მდებარეობს, საერთოდ ნაწილებად დაშლიან და მას ღარიბ ქვეყნებში სხვადასხვა ნაგებობების ასაგებად გამოიყენებენ. იგივე იგეგმება ელ-ჰაურში მდებარე სტადიონის ზედა იარუსებთან დაკავშირებით - მათაც ნაწილებად დაშლიან.

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები 

ჩემპიონატის წინ ფეხბურთელების შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც გამოქვეყნდა. ასე, მაგალითად, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიის ნაკრების და დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევი იუსუფ მოკოკოა. ის 18 წლისაა.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი კი მექსიკის ნაკრების გოლკიპერი ალფრედი ტალავერია, რომელიც 40 წლისაა. მუნდიალის ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ანდრის ნმოპერტია, რომლის სიმაღლე 203 სანტიმეტრია. მაროკოს ნახევარმცველი ილიას შაირის სიმაღლე კი მხოლოდ 164 სანტიმეტრია.

ყატარის პირველობის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ფრანგი კილიან მბაპეა დასახელებული. Transfermarkt-ის შეფასებით, მბაპეს ფასი ამჟამად 160 მლნ ევროს შეადგენს. რაც შეეხება მთლიანი გუნდის ღირებულებას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა ინგლისი, მისი ფეხბურთელების ჯამური ფასი 1,26 მლრდ ევროს შეადგენს. შედარებისთვის, ყატარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ფასი 14,9 მლნ ევროს შეადგენს, რაც მხოლოდ კილიან მბაპეს ფასს ბევრად ჩამოუვარდება. 

კლუბებს შორის ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჩემპიონატზე „ბაიერნის“ რიგებში თამაშობს - 17. ისინი 8 გუნდის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ. ესენია გერმანია, კამერუნი, კანადა, მაროკო, ნიდერლანდები, სენეგალი, საფრანგეთი და ხორვატია. 16 ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ და „ბარსელონაში“ თამაშობს.

რამდენი დაჯდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი?

ორგანიზატორი ქვეყნის ოფიციალური ხარჯები არ საჯაროვდება. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაზე ძვირიანი პირველობა იქნება ფეხბურთის ისტორიაში. მეტიც, ის შეიძლება ყველა წინა ერთად აღებულ მსოფლიო საფეხბურთო პირველობაზე უფრო ძვირი დაჯდეს, რომლებიც 1930 წლიდან ტარდება, მიახლოებითი ღირებულება 220 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

აქამდე ყველაზე ძვირი პირველობა 2018 წლის ჩემპიონატი იყო, რომელიც რუსეთში გაიმართა, რომლის მომზადება 13,2 მლრდ აშშ დოლარი დაჯდა.

რატომ მიაჩნიათ ყატარის არჩევა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეცდომად?

როდესაც ფიფამ 2010 წელს ყატარში მსოფლიო პირველობის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, ძალზე მცირე ზომის ქვეყანაში, რომელშიც ძალიან ძლიერი სიცხეა და თანაც ეს გადაწყვეტილება ფიფას ტექნიკური კომიტეტის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა, გაჩნდა სერიოზული ეჭვები კორუფციულ გარიგებაში.

ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის გამოძიების მიხედვით, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოჰამედ ბინ ჰამანმა დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი დახარჯა ფიფას აღმასკომში აფრიკის წარმომადგენელთა მოსასყიდად. ფიფას მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ კი არანაირი შედეგი არ მოიტანა.

ტურნირის გახსნამდე გამოცემა Tages-Anzeiger-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა. მან ყატარის განაცხადის გამარჯვებაში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბლატერის თქმით, 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შესახებ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე სარკოზიმ უთხრა უეფას მაშინდელ ხელმძღვანელს მიშელ პლატინის „ეფიქრა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეძლებოდა ყატარისთვის, რომ მას ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიეცეს“.

„რა თქმა უნდა საუბარი ფულს შეეხებოდა. დაახლოებით ნახევარი წლის  შემდეგ ყატარმა საფრანგეთისგან 14,6 მლრდ დოლარად ავიაგამანადგურებლები შეიძინა“, - ამბობს ბლატერი.

2018 წელს ფრანგული გამოცემის, Mediapart-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ყატარის მხარდაჭერის სანაცვლოდ, 2011 წელს ამ ქვეყნის სუვერენულმა ფონდმა საფეხბურთო კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ შეიძინა, რომელიც მაშინ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა.

რამდენი მუშა დაიღუპა 2022 წლის ჩემპიონატის ობიექტების მშენებლობაზე?

უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ყატარში დაგეგმილი ჩემპიონატისთვის მზადებისას ათასობით უცხოელი მუშა-მშენებელი დაიღუპა. Amnesty International-ის ინფორმაციით, საუბარია 15 021 ადამიანზე. ბრიტანული გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, სტადიონების, სასტუმროების და სხვა ობიექტების მშენებლობაზე 6,5 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

ამასთანავე DW ერთ დაზუსტებას აკეთებს. როდესაც დაღუპულთა რაოდენობა სახელდება, იქ არ მიდის საუბარი მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც სტადიონების და სხვა ობიექტების მშენებლობაზე დაიღუპნენ, როლებიც უშუალოდ ჩემპიონატთან არის დაკავშირებული. საუბარია ყველა უცხოელებზე, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ყატარში დაიღუპნენ.  

ფიფას და ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, უშუალოდ მშენებლოზაზე დაიღუპა 3 ადამიანი. DW-ს ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც არ შეიცავს იმ ადამიანთა ჩამონათვალს, ვინც ჩემპიონატთან დაკავშირებული სხვა ობიექტების მშენებლობაზე დაიღუპა. საუბარია სასტუმროებზე, გზებზე, აეროპორტის მოდერნიზაციაზე, ასევე მთელი ქალაქის, ლუსაილის მშენებლობაზე.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ფანებს ჩემპიონატზე?

ყატარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსულმანია. ამ ქვეყანაში  საკმაოდ მკაცრი ნორმები მოქმედებს.

ამასთანავე The Guardian-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ფიფამ და ტურნირის ორგანიზატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჩემპიონატის დღეებში პოლიცია გულშემატკივრების მიმართ ლმობიერი იქნება და მათ ჩემპიონატების დროს მიღებულ ქცევაში ხელს არ შეუშლის.

აქ საუბარია სხეულის შიშველი ნაწილების გამოჩენაზე, მათ შორის ქალების მიერ, უწმაწური სიტყვები, ხმამაღალი მუსიკა და სხვადასხვა ადგილის თუ ადამიანისთვის ფოტოების გადაღებაზე. ასე რომ ამ მხრივ გულშემატკივრებს პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

სხვათა შორის ჩემპიონატის დაწყებიდან 2 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფან-ზონებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალული იქნება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუდის ყიდვა შესაძლებელი იქნება, ახლა კი ყატარის ხელისუფლებამ მხოლოდ უალკოჰოლო ლუდის გაყიდვის ნებართვა გასცა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ყატარში სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალული იქნება