მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბენეფიტი ვაქცინირებული პირებისთვის, „მყეფავი ხველა“ ომიკრონის ახალი მახასიათებელი, საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლე - 14 იანვრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ

დღის მთავარი ამბავი
ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
საქართველოში იმ პირებისთვის, ვინ ვაქცინირებულია და კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, იზოლაციისა და კარანტინის ვადა შემცირდა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადა არ შეიცვლება.

„ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადა იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე 10 დღის ვადაა განსაზღვრული. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ცვლილებებია კონტაქტებისთვის კარანტინის ვადებთან დაკავშირებითაც. თუ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი უკვე ორი ან სამივე დოზით ვაქცინირებულია, ვაქცინის გაკეთებიდან 90 დღის ვადაში მას კარანტინის გავლის ვალდებულება ეხსნება.

ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

არავაქცინირებული ადამიანები კი რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში მათ უნდა გამოიყენონ პირბადე.

დღის პერსონა
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა. 

ექიმი განმარტავს თუ რას ნიშნავს მყეფავი ხველა და რამდენი დღე გრძელდება ის.

„ომიკრონის სიმპტომებს სულ რამდენიმე დღის წინ დაემატა განსხვავებული „მყეფავი ხველა“, რაც დამახასიათებელია და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ხველა ხმის შეცვლილი  ტემბრით და მყეფავი ხასიათის, თუმცა, როგორც ჩანს, „ომიკრონს“, ასევე, შესაძლებლობა აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომატიკა ჰქონდეს. საერთო ჯამში ხანგრძლივობა არ არის დიდი და სამი, ოთხი დღე გრძელდება“, - განაცხადა ჩხაიძემ პირველი არხის ეთერში. 

ამავე თემაზე: 

🔴 ნორვეგია 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციას იწყებს

🔴 „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“ - ამირან გამყრელიძე

🔴 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე

დღის ფრაზები

 გიორგი კამკამიძე:

„10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“

ამირან გამყრელიძე:

„ომიკრონით“ ინფიცირებულებს ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“

ივანე ჩხაიძე:

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“

ალეკო ელისაშვილი:

„აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?!“

გიორგი მშვენიერაძე:

„სააკაშვილის დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, დროულ რეაგირებას მოითხოვს“

სერგეი ლავროვი:

„ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ“

დღის კარგი ამბავი
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0775 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.91 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5268 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2271 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2260 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 იანვრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 36 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 661 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 984 802-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 924 072 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 395 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,16%, ბოლო 14 დღის - 9,14%, ბოლო 7 დღის - 9,84%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

დღის უცხოეთის ამბავი
ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლია. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„ამ ფორმატის ფარგლებში მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის წინ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ. ამის შედეგად ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და არსებული პრობლემების გადაჭრის მეტი საშუალება იქნებოდა“, - ამბობს ლავროვი.

ლავროვმა გაიხსენა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დღეს ურთიერთობები მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარეობს.

„«3+3» ფორმატის ფარგლებში დაწყებული პროცესები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ის მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივებს ეხება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პროცესში საქართველოს ჩართვა მას არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს, რაც თბილისის პოლიტიკურ პოზიციას ეხება.

„3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატორები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყვნენ. მასში აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და საქართველო უნდა შესულიყვნენ. თბილისი ფორმატში მონაწილეობისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ - სერგეი ლავროვი

🔴 სომხეთი და თურქეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ

დღის ფოტო


საახალწლოდ მორთულია ორბელიანების სასახლე 📷 შერმაზანა

დღის ვიდეო

როცა პარკირება შენი ძლიერი მხარეა