ექსპერტის აზრით, საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია

პარლამენტში განსახილველად შეტანილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე „პირველი“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

პირველი: პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. რამდენად არის ორიენტირებული ახალი ბიუჯეტი სოციალურ ნიშაზე და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე?


გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი გასული წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ფისკალური რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილია და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის წარმატებული და პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს გვქონია. ამ საკითხზე ჩვენ წინა ინტერვიუში გაცილებით ფართოდ ვისაუბრეთ. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ  მცდელობა ფისკალური მოდელის შექმნაზე გასულ წლებშიც იყო, თუმცა მან კონცეპტუალური ხასიათი სწორედ 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შემდეგ მიიღო. წარმატებული ფისკალური პოლიტიკა ფინანსურ სტაბილურობას განაპირობებს, რაც უმთავრესი წინაპირობაა ეკონომიკური ზრდისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებისთვის.


სახელმწიფო ბიუჯეტი ფისკალური პოლიტიკის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ბიუჯეტიდან ხდება ყველა სახის სოციალური თუ ეკონომიკური ხარჯის დაფინანსება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ნიშანდობლივია, რომ  ბიუჯეტის ხარჯების გამოყენების ეფექტიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაზე ან შემცირებაზე.


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 364 500 000 ლარი იქნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504 545 000 ლარს შეადგენს. რაც მთავარია, გრძელდება ხარჯების (როგორც ადმინისტრაციული, ისე ბიუროკრატიული) შემცირების ტენდენცია და სამაგიეროდ, იზრდება კაპიტალური ხარჯების წილი, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მდგენელია.


მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია საერთო მოხმარების სტიმულირებაზე და სწორედ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. მისი პარამეტრები, რომელიც უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრესული და ოპტიმისტურია. დარწმუნებული ვარ, მისი შესრულებაც ყველა დაგეგმილი მაჩვენებლით მოხდება. რაც მთავარია, მთავრობის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, დაფინანსება ყველა პრიორიტეტულ სფეროს ეზრდება, იქნება ეს ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა, თუ ინფრასტრუქტურა და განათლება. 


პარლამენტში წარდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას, 2017 წლის ბიუჯეტის მსგავსად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი, 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსებაც, რაც, როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკის გეოგრაფიული კონცენტრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია.


მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტი და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მდგენელი სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 2018 წელს, ჯამში, 1 830 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1 283 000 000 ლარი, მათ შორის, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია, როგორც მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც დადგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლისა და წყალარინების, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის წინაპირობადაც უნდა მივიჩნიოთ. 


მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თუ მთავარი არა, განათლების რეფორმაა. თუ გვსურს უფრო მეტი ინვესტიცია, ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს მეტად კონკურენტული, ხოლო კონკურენტული ეკონომიკა კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრებს ითხოვს, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე იქნება აგებული. მისასალმებელია, რომ პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 000 ლარს შეადგენს. მათ შორის, როგორც პროფესიული განათლების დასაფინანსებლად, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდეა  გამოყოფილი.


ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმების თანახმად, რეგიონული განვითარების პროექტებს დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი  გახდება.


პირველი: ბიუჯეტის კრიტიკოსები მიუთითებენ მაღალ ბიუროკრატიულ ხარჯებზე, რაც ბიუჯეტის ხარჯების თითქმის მესამედს – 29%-ს შეადგენს და მაგალითად ისეთი ქვეყნების ბიუჯეტები მოჰყავთ, როგორიცაა იაპონია, შვედეთი და ფინეთი, სადაც ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 20%-ზე ნაკლებია, ასევე, არ არის ჩადებული პენსიების ზრდაც, რამდენად ოპტიმალურია ბიუჯეტის ეს სტრუქტურა?  


გიორგი ცუცქირიძე: ზოგადად, ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯები ნებისმიერი ბიუჯეტის შეუცვლელი ნაწილია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას ბიუროკრატია მართავს.


ზოგადად, რაც უფრო ნაკლებია წმინდა ბიუროკრატიული ხარჯის წილი ბიუჯეტის მთლიან ანუ ე.წ. საოპერაციო ხარჯებში, მით მეტია მისი ეფექტიანობა. ეს ინდიკატორი უჩვენებს, რამდენად იაფი გვიჯდება მოსახლეობას მთავრობის დაფინანსება. საოპერაციო, ანუ მიმდინარე ხარჯები არ მოიცავს არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მოიცავს მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს (სახელმწიფო შრომის ანაზღაურებაზე, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჯამია), რომლებიც ერთჯერადია და გრძელვადიანი აქტივების  შექმნას არ ემსახურება.


მაგრამ იმის მტკიცება, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი არაეფექტურად არის დაგეგმილი, სუბიექტური შეფასებაა. თუ ბიუჯეტის ხარჯების მაჩვენებელს 2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე ხარჯების ხვედრითი წილის კლებისა და შესაბამისად, ეფექტურობის ზრდის ტენდენცია აშკარაა. მაგალითისთვის, თუ ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2012 წელს 38.5% იყო, 2017 წელს უკვე შემცირებული იყო 29%-მდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში 27%-მდეა დაწეული. სახელმწიფო შრომის ანაზღაურებაზე განსაზღვრულია - 1 397 524 000 ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე - 1 188 000 000 ლარი, ანუ სულ ადმინისტრაციული ხარჯი 2 585 000 000 ლარია, რაც ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობის (9 504 545 000 ლარი) მხოლოდ 27%-ია და სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. თვალსაჩინოებისთვის აღვნიშნავ, რომ დანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 46%-ია, ლატვიაში - 43%, პოლონეთში - 40%, ლიტვაში - 42%, აშშ-ში - 41%, საფრანგეთში - 31%, ირლანდიაში - 38%.


საბიუჯეტო ხარჯების  ეფექტურობის შეფასების კიდევ ერთ მნიშვნელოვან  ინდიკატორად ითვლება მთლიანი სამთავრობო ხარჯების ფარდობითი წილი მშპ-ში. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი სამთავრობო ხარჯების ფარდობითი წილი მშპ-ში, თუ მის ფაქტობრივ მაჩვენებელს შევადარებთ, 26% გამოვა. შედარებისთვის, საშუალო ევროპული მაჩვენებელი 47%-ია, ხოლო თუ დიდი ოცეულის ქვეყნებს მოვიყვანთ, ის შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ-ში - 38%, ჩინეთში - 42%, იაპონიაში - 39%, დიდ ბრიტანეთში - 43%, ბრაზილიაში - 42%, გერმანიაში - 44%, იტალიაში - 50%, ხოლო საფრანგეთში, სულაც, 57%-ია.  


მიმაჩნია, რომ მომავალში მისი ოპტიმიზაცია და კიდევ მეტად დაწევა მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, გადავალთ თუ არა შედარებით მცირე მთავრობის მოდელზე. სკანდინავიის ქვეყნების ნაწილში დიდწილად ეს ფაქტორი განაპირობებს ბიუროკრატიული ხარჯების შედარებით დაბალ მაჩვენებელს.


მართალია, პენსიების ზრდა არ არის ჩადებული ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ ეს საკითხი სავსებით სწორად ეკონომიკური ზრდისა და საპენსიო რეფორმის კონტექსტში იქნება განხილული.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, უახლოეს 5 წელიწადში, ჩვენ გვექნება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა (მშპ გაიზრდება მესამედით) და შესაბამისად, პენსიის სიდიდე, ბუნებრივია, მოიმატებს. დღეს ამ საკითხზე სპეკულირება, ასევე, არ არის სწორი. არავის არ უთქვამს, რომ მომავალში პენსია არ გაიზრდება. ვიყოთ ობიექტურები, სამაგიეროდ გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები და ვერანაირი, თუნდაც 250 ლარამდე გაზრდილი პენსია ვერ უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურების ნაწილსაც კი, რომელიც საყოველთაო დაზღვევის პროგრამებით პრაქტიკულად უფასოდ ხორციელდება.


პირველი: ახალი ბიუჯეტის პროექტში კრედიტების მოცულობა 1 288 000 000 ლარს შეადგენს. რამდენად გამართლებულია ვალების ზრდის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება?


გიორგი ცუცქირიძე: როდესაც ბიზნესკომპანია იღებს ბანკიდან ვალს, მისი მიზნობრიობა ცნობილია, მას ფინანსური რესურსი ბიზნესის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად სჭირდება, იქნება ეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის თუ ძირითადი საშუალებების შესაძენად. ანალოგიურად სახელმწიფო ვალსაც თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ეს ვალი მიემართება როგორც ადმინისტრაციული, ისე ბიუროკრატიული ხარჯების დასაფინანსებლად, ან თუნდაც პენსიების გასაზრდელად, ის არ არის გამართლებული და ჩვენ ამის მაგალითები უახლოეს წარსულში ვნახეთ საბერძნეთის მაგალითზე, რამაც ეს ქვეყანა ხანგრძლივ კრიზისში და ლამის დეფოლტამდეც კი მიიყვანა. მაგრამ, თუ ის კაპიტალური ხარჯების ნაწილის დასაფინანსებლად გამოიყენება, აქ პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ვგულისხმობ, მაშინ მისი მიზნობრიობა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებაა და იგივე დანიშნულება აქვს, რაც ბიზნესკრედიტებს.


ბუნებრივია, აქაც არსებობს “ჭარბვალიანობის” მომენტი, რომლის ზევითაც ვალის აღება მიზანშეწონილი არ არის, და ეს ზღვარი მშპ-ის 60%-მდეა რეკომენდებული, თუმცა ქვეყნების არცთუ მცირე ნაწილისათვის არც 100%-ია უცხო (საბერძნეთი - 180%, იტალია - 132%, პორტუგალია - 130%, კვიპროსი - 107%, ბელგია 105%, სინგაპური - 112%). დღეს სახელმწიფო ვალის სიდიდე მშპ-ის 44.8%-ს შეადგენს და მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.


დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალ 2018 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5%-ზე მეტი იქნება. ამის საფუძველს მაძლევს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ფაქტორები, კერძო სექტორის გაზრდილი აქტივობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნესბრუნვა 18%-ით არის გაზრდილი, რამაც დამატებით 30 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზრდა წმინდა ექსპორტის ზრდის ხარჯზეა, საქონლის ექსპორტი 1940.3 მლნ აშშ დოლარი იყო (28.3%-ით მეტი), მაშინ როცა იმპორტი მხოლოდ 7.4%-ით არის გაზრდილი. 


სიახლეები მსგავს თემაზე

ექსპერტი სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერას ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე „პირველი“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

ვიცე-პრემიერმა არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ OSCE/ODIHR-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელ კორინ იონკერთა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

თბილისის მერმა საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტიცებისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

აზერბაიჯანში ბენზინი გააძვირეს

აზერბაიჯანში პრემიუმის და სუპერის მარკის ბენზინი ფასი გაიზარდა. დღეიდან 95 ოპტანობის საწვავის ფასი 1,25 (1,99 ლარი), ხოლო 98 ოპტანობის ბენზინის ფასი 1,5 (2,38 ლარი) მანათს შეადგენს.

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ევროპასა და აშშ–ში მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს

რუსეთის საგარეო უწყების სიტუაციურ–კრიზისული ცენტრი აცხადებს, რომ ევროპისა და აშშ–ის მსხვილ ქალაქებში საშობაო პერიოდში ტერაქტების საფრთხე გაიზრდება.

კომპანია „წყალი მარგებელის“ თქმით, ომბუდსმენის აპარატმა გადაუმოწმებელი მასალა გამოაქვეყნა

2017 წლის 9 ნოემბერს ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ დღეს ხარარის ღია უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 83 წლის მუგაბე საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში ვიზიტს აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტსგანაგრძობს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

გაზმომარაგების შეზღუდვა - 150 აბონენტი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ბაგები - ზურაბ საკანდელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის ახალი მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წარდგენილ მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს დაუჭირეს მხარი.

გიორგი ცინცაძე: დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში შიო ხეცურიანს უჭერს მხარს.

იტალიელმა ქირურგმა გვამს თავი გადაუნერგა

სკანდალურად ცნობილმა იტალიელმა ქირურგმა სეოჯიო კნავერომ განაცხადა, რომ თავის გადანერგვის ოპერაცია ჩინეთის ერთ–ერთ კლინიკაში ადამიანის გვამზე წარმატებით განახორციელა.

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდით 4,7 ბიძგების ეპიცენტრი აგდამის რაიონში დაფიქსირდა.

ყირიმს უკრაინისგან კედლით გამიჯნავენ

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინას შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთი 50 კილომეტრის სიგრძის კედელს აშენებს.

რუსთავში გერმანელი ტყვეების ნეშტების მოძიებისა და ინდენტიფიცირებისთვის კვლევები ტარდება

რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე გერმანელი სამხედრო ტყვეების ნეშტების მოძიებისა და ინდენტიფიცირების მიზნით კვლევითი სამუშაობი მიმდინარეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.29 თეთრი შეადგინა.

აშშ–ის კოალიციის ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლო სიმაგრე დაატოვებინეს

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული ფორმირებები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ერაყში თავისი ბოლო საყრდენი. მათ ბრძოლა კოალიციურ ჯარებთან წააგეს, რომელსაც აშშ მეთაურობს.

რუსეთის ჯაშუშების შეფმა ესპანეთი კატალონიერების მიმართ „რეპრესიებში“ დაადანაშაულა

რუსეთის დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მადრიდი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს „უხეშ ძალადობაში“ დაადანაშაულა. ამის შესახებ ნარიშკინმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

პროკურატურა ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“.

მასწავლებლებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ

მასწავლებლებს სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი დღეს ჩაუტარდებათ.

სირიაში რუსული ტექნიკა ნადავლად წაიღეს

ისლამისტური დაჯგუფება „ახრარ აშ–შამის“ წევრები სირიის არმიის სამხედრო ბაზას დღეს დაესხნენ თავს აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც დეესკალაციის ზონაშია და სამხედრო აღჭურვილობა გაიტაცეს.