თორნიკე აბულაძე M2B-სთან საუბარში იზიარებს ფინანსთა მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმულ პრეტენზიებს საბანკო სისტემის მიმართ.
„ზოგადად, ბიზნესის განვითარების ტრენდი არის ძალიან დაბალი. ბანკები გადავიდნენ ლომბარდულ სესხებზე, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ უზრუნველყოფაზე (გარანტიებზე) ზრუნავენ და არა თავისი მსესხებლების ინსტიტუციონალურ განვითრებაზე“, – მიაჩნია „არსის“ აღმასრულებელ დირექტორს.
“პატარა ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, დავინახავთ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის კრიზისის შემდეგ - მანამდე ბანკები ყველა ძალას ხმარობდნენ რომ მათი კლიენტები/მსესხებლები ინსტიტუციონალურად განვითარებულიყვნენ, ცდილობდნენ ამისათვის ხელი შეეწყოთ. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა - ჩვენ ერთად ვვითარდებოდით, ბევრ რამეს ვსწავლობდით ერთად - ბანკები ჩვენგან და ჩვენ ბანკებისგან. როდესაც კრიზისი დაიწყო, ბანკებს (ისევე როგორც ალბათ ნებისმიერ სხვა კომპანიას) მოუწიათ გადაწყობა და ბევრდ უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება, ბანკების ქცევის სტანდარტის შეცვლის გამო ძალიან ბევრი მსესხებელი დაზარალდა. თუმცა ბანკები თავს იმართლებდნენ რომ გადარჩენის რეჟიმში მუშაობდნენ“, – განმარტავს თორნიკე აბულაძე.
მისივე თქმით, „ჩაიარა კრიზისმა, მაგრამ ბანკებმა არ შეცვალეს დამოკიდებულება - ისევ აგრესიული პოლიტკის გატარება გააგრძელეს. რას ნიშნავს აგრესიული პოლიტკია: როცა არ ფიქრობ კლიენტზე, როცა არ მიგაჩნია რომ ის შენი პარტნიორია და როცა არ მიგაჩნია რომ საბოლოო ჯამში მისი განვითარება გრძელვადიან პერიოდში შენს განვითარებასაც ნიშნავს. ბანკები უმეტესად სამომხმარებლო კრდიტებზე გადაერთნენ, და ისეთ პროდუქტების/სესხების გაცემაზე რომელიც არ არის ორიენტირებული დოვლათის შექმნაზე. როცა გაცხადებული და ეფექტური პროცენტი განსხვავდება ერთმანეთისგან, როცა ბევრი ფარული გადასახდი და საკომისიო დევს ხელშეკრულებაში“.
„ერთ მაგალითს მოვიყვან - ერთ–ერთი ბანკის ანგარიში ვნახეთ - იქ ჩანდა, რომ ბანკი რომელიღაც კვარტალში გავიდა $300 000-იან მოგებაზე, ხოლო იმავე კვარტალში ამოღებული ჯარიმების მოცულობა იყო $600 000. ანუ, ამ ბანკის ერთ–ერთი მთავარი შემოსავლის წყარო იყო ჯარიმები. შესაბამისად, მის ყველა კლიენტს კარგად რომ გადაეხადა სესხი, ბანკი გავიდოდა ზარალზე. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ბანკი მთელი წლის განმავლობაში არეკლამებდა 0%-იან სესხებს. ოღონდ ეს პროდუქტები ისე რთულად იყო ფორმირებული, რომ ყველა ვარიანტში რაღაცას არღვევდი და ჯარიმის გადახდა გიწევდა. ამას ვგულისხმობ, როდესაც აგრესიულ პოლიტიკას ვახსენებ. ასეთი პროდუქტები ამდიდრებენ ბანკს, მაგრამ აღარირიბებს მოსახლეობასაც და ბიზნესსაც“, – აცხადებს თორნიკე აბულაძე.
„არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბანკებს ურჩევს, მეტი დრო და რესურსი დაუთმონ კლიენტებთან თანამშრომლობას, რათა ისინი იმდენად განვითარედნენ და გაძლიერდნენ, რომ წარმატებულად გამოიყენონ ბანკების საკრედიტო რესურსი, რის შედეგადაც კრედიტორიც მეტ შემოსავალს მიიღებს და მსესხებელიც კმაყოფილი დარჩება.
„დღეს ბანკებს იმდენად მნიშვნელოვანი და დიდი როლი აქვთ ქვეყნის განვითარებაში, რომ მათ სახელმწიფოებრივი ამბიციები უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს ეს ასე არ არის. ერთე-ერთი მსხვილი ბანკის მოადგილემ მითხრა 2009 წელს - რაც ქვეყნისთვის კარგია, ის ჩვენთვისაც კარგი არისო. ნამდვილად ასეა, თუმცა დღეს ეს შეიცვალა და იმ ბანკსაც აღარ აქვს ეს სტრატეგია.
როცა:
· ერთი მხრივ ამხელა გავლენა გაქვს ქვეყნის ეკონომიკაზე;
· მეორე მხრივ ვიწრო ხედვების და მოკლევადიან (თუნდაც ამ ეტაპზე ძალიან მომგებიან) პოლიტიკას ატარებ;
· როცა ერთი მხრივ 5 ბანკის მოგება ბევრად აღემატება 10 000 საწარმოს მოგებას;
· მეორე მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დინამიკა ძალიან დაბალია,
ცხადია, რომ სახელმწიფო დაიწყებს ისეთ მექნიზმებზე და ისნტრუმენტებზე ფიქრს და მუშაობას, რომელიც უზრუნველყოფს რომ ეს მომგებიანობა და ზოგადა შემოსავლები გადანაწილდეს, დაბალანსდეს“, – მიაჩნია „არსის“ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე აბულაძეს.
მისივე თქმით, სოციალურ ფონზე, რომელიც ისედაც არ არის დამაკმაყოფილებელი, ზემოხსენებული დისბალანსი კიდევ უფრო აღარიბებს დაბალშემოსავლიან ოჯახებს, ვინაიდან მათი დასაქმების ძირითადი არეალი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია.
„არსის“ ხელმძღვანელი აუცილებლად მიიჩნევს ისეთი რეგულაციების დაწესებას, რომლებიც მოგების დისბალანსის გადანაწილება/დაბალანსებას უზრუნველყოფს.
თორნიკე აბულაძეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს:
„მაგალითი 1: თუ ჯამურად ყველა ბანკი და კომპანია 100 ლარი ოდენობის მოგების გენერირებას ახდენს და აქედან 70 ლარი მოდის 5 ბანკზე, ხოლო 30 ლარი 10 000 მეწარმეზე, ეს პროპორცია უნდა შეიცვალოს, რაც თავისთავად გამოიწვევს – ა. შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი; ბ. ბევრად მეტ ადამიანს გაეზრდება რეალური შემოსავალი; გ. ჯამური 100 ლარის ოდენობის მოგება 500 ლარამდე გაიზრდება.
მიმაჩნია რომ ფინანსითა მინისტრის განცხადება ძალიან დროული და ადეკვატურია. იმედი მაქვს რომ ის რეალურად შეძლებს ამ პოლიტიკის გატარებას და უკან არ დაიხევს - ცხდია რომ ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა დახვდება, ბევრი ოპონენტი გამოუჩნდება, ბევრ ბარიერს შეუქმნიან. დღეს ბანკებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ და მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზეც. აქვე ისიც მნიშვნელოვანია რომ თუ ფინანსთა მინისტრმა და სამთავრობო გუნდმა მაინც შეძლეს ამ ინიციატივის განხორციელება, საბოლოო ჯამში ეს (ამ ეტაპზე ბანკბეისთვის მტკივნეული და მიუღებელი პროცესი) ბანკებისთვისაც დადებითი ეფექტის მომტანი იქნება - რაც უფრო გაძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც უფრო განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო კარგი იქნება ეს ყველასთვის და მათ შორის ბანკებისთვის, და საბოლოო ჯამში მათაც მეტ შემოსავალს მოუტანს“, – ამბობს თორნიკე აბულაძე.
მისივე აზრით, „განვითარებულ ქვეყნებში ბანკებს არ აქვთ ასეთი დიდი როლი და არც შეიძლება, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა დააკისრო, მაგრამ ჩვენთან ეს რეალობაა, და ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ“.
„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუ რამე მნიშვნელოვანი დოვლათის შექმნა არ დავიწყეთ გლობალურ კონტექსტში, პერსპექტივა არ გვაქვს. აუცილებელია რაიმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, ღირებული წვლილის შეტანა მსოფლიო განვითარებისს პროცესში! ასეთი ამბიციები უნდა გვქონდეს. სხვანაირად სტაგნაცია გვემუქრება. მსოფლიოში არსებობს ასეთი მოდელები - მაგალითად ესტონეთმა შეძლოს ეს. ასეთი ამბიციები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მან უნდა შექმნას ისეთი სისტემური გარემო, რომ ეს მიღწევადი გახდეს. და ამ პროცესში ბანკების, როგორც მსხვილი მოთამაშეების როლი, ძალიან დიდია. შესაბამისად, ჯობია მოკლევადიან ჭრილში მათთვის მტკივნეული პროცესები ავიტანოთ, და ამით გრძელვადიან პერსპექტივაზე დავდოთ ფსონი“, – აცხადებს „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი.
12 აპრილს, ტექნოპარკში სიტყვით გამოსვლაში ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კაპიტალთან წვდომის საყოველთაო შეზღუდვა დაასახელა და კაპიტალზე მიუწვდომლობაში ბანკების უარყოფით როლზე მიანიშნა.