გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.
იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის.
,,უკვე ათი წელია, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და განმტკიცდა. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის უნიკალური, თქვენ ბრძანდებით ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს, როგორც საქართველოს, ისე ნატოს და უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის მას.
საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში, მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში თქვენი კონტრიბუციისათვის და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები დიდ ძალისხმევას გაწევენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც თქვენ რეფორმების კუთხით განახორციელეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. არსებით პაკეტი, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის სასწავლო წვრთნებში, ისე ნატოს სასწავლო წვრთნებში თბილისში. მე ველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის რა წვლილი შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში.
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა დასამხრეთ ოსეთს. მივესალმებით თქვენს სურვილს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეროვნული თავდაცვის საკითხებს მოახმაროთ. მადლობა პრეზიდენტო მობრძანებისთვის და თქვენი ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება",- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.