„გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მათი ბელადის უსასრულო ბატონობაზე მორგებული, სრულიად მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა, კონსტიტუცია, რომელსაც უმაღლესი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ გავრცელებულ მიმართვაში.
მან დეპუტატებს, ასევე, შეახსენა, როგორ უპასუხეს „ამ ექსტრემისტებმა“ მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას - წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაეტარებინა პროპორციული არჩევნები.
„გაიხსენეთ, თუნდაც სულ ახლახან, როგორ უპასუხეს ამ ექსტრემისტებმა მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას, პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა პროპორციული არჩევნები - არც მისალმებიან ჩვენს ინიციატივას, პირიქით - სისუსტედ და მარცხად ჩაგვითვალეს ეს ნაბიჯი და შემდგომ, რამდენიმე თვე ქუჩიდან არ გავიდნენ, რომ იქნებ დესტაბილიზაციის კერა და მუხტი შეენარჩუნებინათ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.