მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯავახეთში სომეხი ჯარისკაცების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს

ახალალაქი დახმარება

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ დღეს, 30 სექტემბერს ტანსაცმლისა და თანხის შეგროვება დაიწყო. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ჯარისკაცებს, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ.

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. მოქალაქეებს ადგილზე მიაქვთ თანხა და ტანისამოსი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში ახალგაზრდებმა კარდაკარ ჩამოიარეს და თანხის შეგროვება ამ ფორმით სცადეს.

„საბაჟოზე შექმნილი პრობლემის გამო, სოფლის მოსახლეობამ, ჯარისკაცების დასახმარებლად, არა პროდუქტების, არამედ თანხის შეგროვება და ანგარიშზე გადარიცხვა გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებისთანავე, ექვსმა ბიჭმა დაიწყო ფულის შეგროვება. დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება თუ რა თანხა შეგროვდა“, - გვითხრა სოფელ დამალის მკვიდრმა ანდრანიკ კერევკციანმა.

მანამდე, ორი დღით ადრე, ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სომხეთს ორი სატვირთო ავტომობილით სურსათი გაუგზავნა. რაც შეეხება საბურავებით დატვირთულ სატვირთოებს, ისინი საზღვარზე არ გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" ყარაბაღის დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ დაიწყო. 30 სექტემბრის მონაცემებით, ჩარიცხული თანხის ოდენობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს.