მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაველოდებოდი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციას და ამის შემდეგ დავიწყებდი აცრას“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1617102271
COVID-19

ექიმი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანისა და ვირუსის შესაძლო მესამე ტალღის შესახებ საუბრობს. 

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ სასურველია ქვეყანაში ვაქცინების რეზერვი იყოს, თუმცა ექსპერტი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ დაიწყებდა ჩინური ვაქცინით აცრას.

„დაველოდებოდი ავტორიზაციას და ამის შემდეგ დავიწყებდი აცრას, თორემ შემოტანას და დასაწყობებას არავინ გვიშლის. წინასწარი მონაცემები ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით დამაიმედებელია. კონკრეტულად თუ სინოფარმის ვაქცინაზეა საუბარი, რომელსაც დღე-დღეზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაუდებელი მოხმარებისათვის ავტორიზაციას მიანიჭებს.

წინდახედული საქციელი იქნება თუ შემოტანილი გვექნება. ძალიან მაღალი შანსია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია მიიღოს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია. ვაქცინაციას დავიწყებდი მას შემდეგ, რაც ავტორიზაციას მიიღებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება ამერიკულ ვაქცინა ნოვოვაქსს, ექსპერტის თქმით, მისი მონაცემებიც დამაიმედებელია.

ზოიძე საქართველოში ნოვოვაქსის შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, „აბსოლუტურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

„ნოვოვაქსთან დაკავშირებითაც დამაიმედებელი მონაცემებია და აბსოლუტურად სწორია, რომ სახელმწიფო წინასწარ აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს მილიონი დოზა ნოვოვაქსის ვაქცინის შესყიდვის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ 40-დან 50%-მდე ჩვენი მოქალაქეების აცრა, რომელთა აცრაც კოვაქს პლატფორმის საშუალებით არ გვექნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი მოქალაქეებისთვის იყოს ეს ყველაფერი დარეზერვებული.

„ჯონსონ ენდ ჯონსონზეც“ მიდის საუბარი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მას ერთი დოზა სჭირდება და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთდოზიანი ვაქცინა არსებობდეს. რაც შეიძლება მეტი რეზერვები უნდა გვქონდეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ვაქცინას გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეექმნება, მაგალითად თუ გადაიწევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როგორც მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. მესამე ტალღა, მეოთხე, მეხუთე, მოლოდინი და ასე შემდეგ, გაქრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის 60-70%-ის აცრას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

Pia.ge-ს კითხვაზე წლის ბოლომდე რამდენად არის შესაძლებელი მოსახლეობის 70%-ის აცრა, მაშინ როდესაც კოვიდვაქცინის მიმართ უნდობლობა საკმაოდ მაღალია აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ორგანიზებული კამპანიის ფართო მასშტაბზე გაშლა.

„კომუნიკაციის ორგანიზებული კამპანია არის ძალიან ფართო მასშტაბით გასაშლელი. ეს კამპანია დაწყებულია. როგორ უნდა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების მუშაობა, რა უნდა გაკეთდეს, რა კითხვებზე პასუხები უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას იმისთვის, რომ ნდობა გაიზარდოს ვაქცინების მიმართ, რომელი მითები უნდა გავაქარწყლოთ და კიდევ ბევრი სხვა მეთოდით არის ჩვენება მნიშვნელოვანი. მაგალითად, მაგალითის ჩვენება ცნობილი ადამიანის აცრით და ასევე არაცნობადი. ეს მაგალითს აძლევს მოქალაქეებს.

ვაქცინაცია მეცნიერების უდიდესი მიღწევაა და რეალურად 100%-ით გვიცავს კოვიდისგან. გუშინ გამოქვეყნდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლოესი მონაცემები,რომლის მიხედვითაც ფაიზერის ვაქცინა გვიცავს 90%-ში 2 დოზით აცრის შემდეგ საერთოდ ვირუსის ინფიცირებისგან ანუ ასიმპტომური ფორმა არ შეგვეყრება და არ გადავცემთ სხვას.

მსგავსი დაცვა აქვს ასევე ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინას და უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ ვაქცინაცია დაგვიცავს არამხოლოდ კოვიდისგან, არამედ დაგვიცავს ასევე სხვას არ გადავცეთ თუნდაც იოლი ფორმა ამ დაავადების. ეს არის პანდემიის რეალური დასასრული“, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ივლისიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გვინდა, რომ მასობრივი აცრის ცენტრები შეიქმნას“- ამირან გამყრელიძე

✔️ „კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი