მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა დრო სჭირდება COVID-19-ით ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას

პირბადიანი ქალი
1586254046
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულის გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი საშუალოდ 20 დღეა.

"გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი საშუალოდ 20 დღეა, შეიძლება იყოს ნაკლები და მეტიც. ამან შესაძლოა 6 კვირამდეც გასტანოს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, ნებისმიერი დაავადების დროს გამოჯანმრთელება კონკრეტული ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული - თუ იმუნური სისტემა ძლიერია, გამოჯანმრთელება მალე დგება, თანმხლები დაავადების შემთხვევაში, დრო უფრო ხანგრძლივდება.

"აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვთქვათ გაიზარდა გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი. საუბარია იმაზე, რაც დრო გადის მით უფრო მეტს ვსწავლობთ კოვიდ ინფექციაზე, ბუნებრივია იცვლება მიდგომებიც. შესაძლებელია ამ ვადების ცვლილება მოხდეს, რაც დამოკიდებულია იმ დიდ გამოცდილებაზე, რომელიც თანდათან მთელ დედამიწაზე გროვდება ახალ კორონავირუსთან მიმართებაში.

რომელი პიროვნებები ითვლებიან გამოჯანმრთელებულად - ვისაც კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდგომ ორჯერადად 24 საათში ნეგატიური პასუხი მოუვა.

ეს პერიოდი თუ რამდენ ხანში დადგება არის ძალიან ინდივიდუალური. თუ ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, მაშინ ბუნებრივია, ეს დრო შემჭიდროვებულია. თუ ასაკოვანია, თანმხლები დაავადებით, დრო უფრო გახანგრძლივებულია. ამიტომ, ეს დრო მუდმივად ცვალებადობს და მართლაც ინდივიდზეა დამოკიდებული, როგორც სხვა ყველა დაავადების შემთხვევაში. ასეთი განმარტება არ არის მხოლოდ ახალ კორონავირუსთან მიმართებაში. ყველა დაავადება ორგანიზმში მიმდინარეობს ინდივიდუალურად, მხოლოდ ამ ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ კორონავირუსზე ზოგადი ცოდნა არსებობს, ყველა პაციენტი არის ინდივიდი და ამ პაციენტის ინდივიდთან მუშაობა არის მთავარი ექიმისთვის, იმიტომ არის მედიცინა რთული დარგი", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ, 39 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი.