მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის გახდება ცნობილი მესტიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 1000-მდე პირის პასუხი

კორონავირუსის ანალიზი
1597237904
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 1000-მდე პირის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

„მესტიის მუნიციპალიტეტის 16 წერტილში ეპიდემიოლოგების ჯგუფები მუშაობენ. ველოდებით 985 ნიმუშის პასუხს, რომლის შემდეგაც ჩვენ გვექნება დაახლოებითი სურათი რეგიონის ეპიდვითარების შესახებ. აგრეთვე, მიმდინარეობს ინფიცირებული 30 პირის კონტაქტების ინტენსიური გამოკვლევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე კორონავირუსზე 4 000 პირის გამოკვლევა იგეგმება.

„სოფელ ლენჯერში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების წილი 6%-ია, რომელიც საკმაოდ საყურადღებოა. სამიზნედ ავიღეთ კვირის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 4 000-მდე ტესტის ჩატარება. ვფიქრობ, რომ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად სოფელ ლენჯერშია კონცენტრირებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ამ დროისთვის 30-ს შეადგენს. მათგან ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა სოფელ ლენჯერიდანაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.