მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცხოეთში მყოფთა დასაბრუნებლად საგარეო უწყება დამატებით მექანიზმებზე მუშაობს

დავით ზალკალიანი ბრიფინგზე
1585822338
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელარუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთში და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეო-კონფერენცია გამართა, რომელზეც განიხილეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი, ასევე, ჩვენი თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხი.

ისაუბრეს უკვე არსებულ და დამატებით მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.

აღინიშა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ ზუსტ ინფომაციას ჩვენი მოქალაქეების მდოგმარეობის შესახებ. ვიდეო-კონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამომწურავად ვისაუბროთ მოქალაქეების არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ ადგილზე დახმარების აღმოჩენაზე", - აღნიშნა მინისტრმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ში არსებულ მდგომარეობას, ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის გათვალისწინებით.

„ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. „ფრილანსერი“ ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები. მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ახალ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაიგეგემა. მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ყოფითი პრობლემების შემსუბუქება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის ფონზე გაწეული მუშაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას. მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.