მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში უმუშევრობამ 80-წლიანი რეკორდი მოხსნა

უმუშევრობის რეკორდი

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონემ 14.7%-ს მიაღწია, ეს თებერვლის მაჩვენებელს - 3.5%-ს 4.2-ჯერ აღემატება და 1940 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ის რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დეპრესიის შემდეგ, მოახერხა იძულებითმა კარანტინმა, უმუშევრობამ 80 წლიანი რეკორდი მოხსნა.

პროცესები სულ სხვაგვარად ვითარდებოდა. 2017 წლის იანვარში, როდესაც ტრამპი ოვალურ კაბინეტში შევიდა, შტატებში უმუშევრობის დონე 4.7%-ს შეადგენდა. 2019 წლის სექტემბერში ის უკვე 3.5%-მდე შემცირდა, რაც 50 წლიანი მინიმუმი იყო. დასაქმებულებთან ერთად იზრდებოდა სამუშაო ძალაც. ყველაფერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კარანტინმა შეცვალა, რის შედეგადაც აპრილში 20 მლნ-ზე მეტმა ამერიკელმა სამსახური დაკარგა, თუ მას მარტის მონაცემებსაც მივამატებთ ეს რიცხვი 23.5 მლნ-მდე იზრდება. მართალია დიდი დეპრესიის დროს უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატებოდა, 1933 წელს 24.9%-საც მიაღწია, მაგრამ ასე სწრაფად, სულ რაღაც 2 თვეში ის 4.2-ჯერ არასდროს გაზრდილა.

ყველაზე მეტი 7.7 მლნ სამუშაო ადგილი გართობისა და სასტუმრო ინდუსტრიაში დაიკარგა, რასაც მისი მომიჯნავე დარგი კვების ინდუსტრია მოჰყვა 5.5 მლნ-ით, განათლების სფეროში 2.5 მლნ უმუშევარი დარჩა, საცალო ვაჭრობაში 2.1 მლნ.

აშშ-ის მძიმე დღეები კიდევ წინ უდგას, მოსალოდნელია მშპ-ის 5.9%-ით შემცირება, რაც 1946 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.