მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება

რესტორანში შეზღუდვები წესდება

4 დეკემბრიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რესტორნების სესხის პროცენტი 6 თვის განმავლობაში დაიფარება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ ტვირთი.

მოვუწოდებ რესტორნების მფლობელებს, დროულად მიაკითხონ მათ კრედიტორ ბანკებს და წარმოადგინონ განაცხადი. რესტორნები 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს ფაქტობრივად ვერ იგრძნობენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული შეღავათი სარესტორნო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.