მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო ბანკი საქართველოს დაფინანსებას €45 მლნ-ით უზრდის

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით €45 მლნ-ის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება. ინფორმაციას მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ €45 მლნ-ის ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა. საერთო მიზანი კი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე; და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა COVID-19 პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით სახელმწიფოებს დაფინანსება გაუზარდა. მომავალი 15 თვის განმავლობაში, ბანკიდამატებით 160 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომ 100–ზე მეტ ქვეყანას (სადაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 70%–ზე მეტი ცხოვრობს) ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დაცვაში, კომპანიების ხელშეწყობასა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს.