მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი“ - BBC საქართველოში გამართულ არჩევნებზე წერს

BBC საპარლამენტო არჩევნებზე

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC და საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. სტატიაში აღნიშნულია, რომ წინასწარი შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიცია კი ამ შედეგებს არ ეთანხმება და მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

ამომრჩეველთა ხმების 80,22%-ის დათვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ 48,34%-ით ლიდერობს. ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26,43% მიიღო. პარლამენტში ხუთი პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები შეიკრიბნენ.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ჩვენ ამ ომის წაგებას არ ვაპირებთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“ ნიკა მელიამ და მომხრეებს კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებამდე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი გამოქვეყნდა. ასე, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია Public Opinion Strategy-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 55% მიიღო და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

ამ ციფრების გამოცხადებას „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქტივისტები ოვაციებით შეხვდნენ. „გილოცავთ, გილოცავთ“ - მიმართა მომხრეებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

„მოდით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, აქტივისტებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩვენებზე მესამედ იმარჯვებს. ჩვენს ქვეყანას უნდოდა სოლიდური გუნდი ხელისუფლებაში და ის ამას მიიღებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ოპოზიციის წარმოამდგენლები კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს ეყრდნობოდნენ, რომლის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 41% მიიღო, ხოლო ოპოზიცია ჯამში მმართველ გუნდზე მეტ ხმას იღებს.

ამ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ „მთავარის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, რომელმაც ამ შედეგებს “ოპოზიციის დიდი ტრიუმფი უწოდა დაშინების, ზეწოლის და მუქარის მიუხედავად“. მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთი თანამდებობა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ აინტერესებს.

„რუსთავი- 2“- ის დაკვეთით კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52,26% მიიღო. კიდევ ერთი ეგზიტპოლი კომპანია Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა, ამ ეგზიტპოლით მმართველმა პარტიამ 46% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 30-დან 15 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ამორმჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით ირჩევს, ხოლო 30-ს მაჟორიტარულ ოლქებში.

საერთო ჯამში არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა - წერს BBC.