მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება, დაცვის მხარემაც მოითხოვა

ახალქალაქის სასამართლო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა დაკავებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რასაც დაკავებული და მისი ადვოკატიც დაეთანხმნენ. ეს პოზიცია ტარიელ ბალაბანიშვილმა იმ საფრთხით ახსნა, რომელიც ბრალდებულს გათავისუფლების შემთხვევაში დაემუქრება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ არტურ გაბრიელიანი პატიმრობაში რჩება.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია ბრალდებულის მიმალვასთან, მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლოს პატიმრობა არ გამოუყენებია დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება“, - განაცხადა მარიკა ჩიტაშვილმა.

პროცესი დისტანციურად გაიმართა. ბრალდებისა და დაცვის მხარე, ასევე ბრალდებული დისტანციურად მონაწილეობდა. არტურ გაბრიელიანი სხდომას წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან თარჯიმანთან ერთად ჩაერთო. მას თავსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ჩხუბის დროს აქვს მიღებული.
როგორც პროცესზე განაცხადა, ის რუსეთის მოქალაქეა, თუმცა დაიბადა და ცხოვრობს ახალქალაქში.
გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძება-შენახვას და განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, 27 წლის ვარდან მირანიანი გარდაიცვალა. ვარდან მირანიანის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოფელ გულიკამიდან 100-მდე ადამიანი ახალქალაქში წამოვიდა და ქალაქში არეულობა დაიწყო. თანასოფლელის მოკვლით განრისხებულმა გულიკამელებმა ცეცხლი ჯერ მკვლელობაში ბრალდებულის სასტუმროს, ხოლო შემდეგ გაბრიელიანის მამისა და ძმის სახლებს წაუკიდეს.