მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი: აღნიშნული გარემოება, რომ გზა მოუჭრა, ჩამოიარა, აბსურდია

არასრულწლოვანი ზ.ხ. -ს ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს უფლებადამცველი გიორგი გელხაური გენერალური პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ადვოკატი აცხადებს, რომ გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდინა ბრალდების მხარემ ბრალის დამძიმება.

„მაინც დაველოდები წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ჯერ ეს მტკიცებულებები არ გვინახავს, მოგეხსენებათ 109-ე მუხლით გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა რაც შეეხება ბრალდებულებების ჩვენებებს და იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამ დრომდე მოპოვებულია გამოძიებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. აღნიშნული გარემოება, რომ ვიღაცამ გზა მოუჭრა, ჩამოიარა, ეს არის აბსურდი. არ ვიცი ბრალდება რაზე დაყრდნობით საუბრობს და რაზე დაყრდნობით მოახდინა აღნიშნული ბრალის დამძიმება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ბრალი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.