ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ახალი ტომების გასაცნობად ორ თვიან ვადას ითხოვენ.
მორაგბე არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის ვასილ მამულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი პრინციპია, დრო თანაზომიერად იყოს განაწილებული.
„მნიშვნელოვანი პრინციპია გვქონდეს დრო, რომ მოვიძიოთ მტკიცებულებები, ჩავატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტები, გამოვკითხოთ პირები. გამოძიებას თუ ჰქონდა 2 თვიანი ვადა გამოძიებისთვის, ჩვენთვის 7-8 დღის მონიჭება თანაზომიერი არ არის, პირიქით, ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მამულაშვილმა.
19 ივნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.