მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NATO 71 წლის გახდა

ნატოს დროშა

NATO იუბილარია. 1949 წლის 4 აპრილს 12-მა სახელმწიფომ შეერთებული შტატების ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჩამოაყლიბა, რომლის მთავარ მიზანს საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხის თავის არიდება შეადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა უმძიმეს დღეში აღმოჩნდა ჩავარდნილი, ათობით მილიონ დაღუპულ და დასახიჩრებულ ადამიანს ეკონომიკის სრული გაჩანაგება და რუსული ოკუპაციის საფრთხეც დაემუქრა. ბალტიის ქვეყნები ომის დროს, ხოლო ომის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და პოლონეთი კრემლის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა. 1947 წელს მარშალის გეგმა ამოქმეედა, რითაც ევროპამ ამერიკისგან $13 მლრდ-ს დახმარება მიიღო, რაც 2018 წლის კურსით $140 მლრდ-ს უდრის. ეკონომიკურმა დახმარებამ კომუნისტური იდეების პოპულარობა შეამცირა, მაგრამ ღია სამხედრო ინტრვენციის რისკი ისევ რჩებოდა, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების გატარება.

თავდაპირველად ალიანსში 12 სახელმწიფო - აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, ისლანდია, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია და პორტუგალია გაწევრიანდა. 1952 წელს პირველი გაფართოებისას მას საბერძნეთი და თურქეთი დაემატა, მეორე გაფართოებისას 1955 წელს დასავლეთ გერმანია, რომელსაც 1990 წელს აღმოსავლეთ გერმანიაც შეუერთდა, მესამე გაფართოებისას 1982 წელს ესპანეთი.

1999 წლიდან ნატოს გაფართოების ახალი ტალღა იწყება, რომელსაც ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნები ემატებიან. 1999 წელს მეოთხე გაფართოებისას ალიანსის წევრები გახდნენ: უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. 2004 წელს მეხუთე და ყველაზე დიდი გაფართოებისას: ლიეტვუა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. 2009 წელს მეექვსე გაფართოებისას ალბანეთი და ხორვატია, ხოლო 2017 წელს მეშვიდე გაფართოებისას მონტენეგრო.

საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ალიანსის 30-ე წევრი 2020 წელს ოფიციალურად გახდა ჩრილოეთ მაკედონია, რომელსაც ადრე უბრალოდ „მაკედონია“ ერქვა.

ნატოსთან თანამშრომლობენ, მაგრამ ალიანსში არ წევრიანდებიან ევროპის ისეთი განვითარებული ქვეყნები როგორებიცაა: ავსტრია, შვედეთი, ფინეთი და ირლანდია.

საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ისტორია 1992 წლიდან იწყება. ალიანსში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურმა თბილისმა პირველად 2002 წელს პრაღის სამიტზე გააკეთა. 2006 წლიდან საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. აქტიური თანამშრომლობა სამხედრო წვრთნებისა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღების დონზე დღემდე გრძელდება.

ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს საქართველომ, უკრაინასთან ერთად, ალიანსში გაწევრიანების პირობა მიიღო. ევროპული ქვეყნების სიფრთხილის გამო საქართველო ალიანსის სრულყოფილი წევრი ამ დრომდე ვერ ხდება. გასაწევრიანებლად სრული კონსესუსი და ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

ავღანეთში ქართული მისია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანასაც აღემატება, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ყოველწლიურად იმართება,რომელსაც მიმდინარე წელს ხელი შესაძლოა კორონავირუსის პანდემიამ შეუშალოს.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბუჯეტი $1 ტრლნ-ს აღემატება, საიდანაც $750 მლრდ აშშ-ზე მოდის. ნატოს მოთხოვნას, რომ ქვეყანამ სამხედრო ბიუჯეტზე მშპ-ს 2% გამოყოს ევროპის 27 ქვეყნიდან მხოლოდ 6: საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, პოლონეთი, ესტონეთი და რუმინეთი ასრულებს. თუმცა ტრამპის მოთხოვნის შემდეგ ტენდენცია ხარჯების ზრდისკენ შეიცვალა.