მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალ საარჩევნო მოდელზე პროექტს ივნისის ბოლომდე მიიღებენ

საკანონმდებლო ორგანო

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შემდეგი კვირიდან იწყება, რომელიც სატელევიზიო ფორმატის იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 21 ივნისიდან უკვე შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღონ, თვის ბოლოს კი, მესამე მოსმენით.

"8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერა თითოეული შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ბუნებრივია, ამ ვალდებულების შესაბამისად ვიმოქმედებთ და ამისკენ მოვუწოდებთ სხვებსაც. თუ იმოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად, ბუნებრივია ეს მათთვის იქნება უკეთესი. ჩვენ არც ვიგებთ და არც ვკარგავთ იმით, ისინი რას მისცემენ ხმას და რას არა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაა პოლიტიკური პატიმრების (ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა) გამოშვება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა, როგორც მან, ისე "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება გიორგი რურუა. ოპოზიცია მის გათავისუფლებასაც ითხოვს.